ბიზნესი
14/05/2021

ჭიათურაში წარმოებული ღვინო "სოლომონე" წელს აშშ-სა და ინგლისში გავა

ღვინის მწარმოებელი კომპანია „სოლომონეს“ დამფუძნებელი დავით ჩაჩანიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ პანდემიამ კომპანიის ადგილობრივი გაყიდვები შეამცირა, თუმცა, საერთაშორისო ბაზარზე, მათ შორის საფრანგეთსა და გერმანიაში რეალიზაცია დაახლოებით 5%-ით გაიზარდა.

მისი განცხადებით, „სოლომონეს“ მარანი ჭიათურაში, ლეჟუბანში მდებარეობს. ვენახები გაშენებულია 3 ჰექტარ ტერიტორიაზე, მომავალში დაგეგმილია ფართობის 10 ჰექტრამდე გაზრდა. რაც შეეხება მარანს, გათვლილია  წლიურად 55 000 ბოთლის წარმოება, ამ ეტაპზე კი კომპანიის წლიური წარმადობა მხოლოდ 15 000 ბოთლია.

როგორც ჩაჩანიძე აცხადებს, კომპანია აქტიურად მუშაობს  ახალი ბაზრების ათვისებაზე. მათ შორის, მიმდინარეობს მოლაპარაკებები აშშ-სა და ინგლისთან. ამჟამად კომპანია 4 სახეობის ღვინოს აწარმოებს.

როგორც ჩაჩანიძე აცხადებს, ღვინის გლობალურ ბლოკჩეინ პლატფორმაზე რამდენიმე დღის  წინ ქართული ღვინო „სოლომონე“ სინგაპურში გაიყიდა. კითხვაზე, რა ფასად გაიყიდა ქართული ღვინო, ჩაჩანიძე ამას კონფიდენციალურობის მიზეზით არ ასახელებს.

 

 

 

Businesspartner