ბიზნესი
03/02/2023

"ჩიკატაის" სათამაშოები 15-17%-ით ძვირდება

ქართული წარმოების სათამაშოები ძვირდება. რეგიონში შექმნილი გამოწვევებიდან გამომდინარე, „ჩიკატაი“ ფასების კორექტირებას გეგმავს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ მცირე საწარმოს დამფუძნებელმა თამარ ბუიღლიშვილმა განუცხადა, უახლოეს პერიოდში „ჩიკატაის“ სათამაშოები 15-17%-ით გაძვირდება.

„2022 წელი გამოწვევებით სავსე იყო. რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე შექმნილმა ვითარებამ  მიწოდების ჯაჭვი გააძვირა. შემოგვაქვს როგორც ქსოვილები, ისე მუსიკალური მექანიზმები. სამწუხაროდ, გაგვიძვირდა ნედლეულიც და ტრანსპორტირებაც, რის გამოც, გვიწევს პროდუქციაზე ფასების გაზრდა. ახლა სწორედ იმ ეტაპზე ვართ, როცა ფასებს ვაკორექტირებთ. ეს საერთოდ არ გვახარებს, თუმცა სხვა გზა არ გვაქვს“, - აცხადებს თამარ ბუიღლიშვილი. 

მისივე თქმით, მცირე საწარმო „ჩიკატაი“ პირველ საექსპორტო პროდუქციაზეც მუშაობს და მას დანიშნულების ადგილას, ანუ ავსტრალიაში თებერვლის თვეში გაგზავნის. მოლაპარაკებები მიმდინარეობს იტალიელ პარტნიორებთანაც, რომლებიც „ჩიკატაის“ სათამაშოების ექსპორტით ასევე დაინტერესებულები არიან.

შეგახსენეთ, „ჩიკატაი“ ქართულ ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა. კოპანიამ  ადგილობრივი წარმოების პირველი სათამაშო შექმნა, რომელიც ქართულ მელოდიას უკრავს. ეს გახლავთ გია ყანჩელის მელოდია, , რამაც ბრენდის სწრაფი წარმატება განაპირობა.

 

 

Businesspartner