ბიზნესი
21/03/2023

ჩირის მწარმოებელმა კომპანიამ "სკიჯი" ჩირის კანფეტების დამზადება დაიწყო

ჩირის მწარმოებელმა კომპანიამ „სკიჯი“ ჩირის კანფეტების დამზადება დაიწყო.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა დარეჯან ბერძენიშვილმა  „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, გატარებული ჩირისგან დამზადებული კანფეტები სიმინდის ფუჩეჩშია შეფუთული და პროდუქტი 100%-ით ნატურალურია.

კანფეტები, რომლის რეალიზაციაც ამ დროისთვის უკვე დაწყებულია, სამი სახეობის ჩირისგანაა დამზადებული.  ხურმის, ციტრუსისა და კივის ჩირის კანფეტების ათცალიანი შეფუთვის ღირებულება კი 30-35 ლარია.

“მოვიგეთ USAID-ის თანადაფინანსების გრანტი. ჩვენი იდეა იყო, რომ უნდა დაგვემზადებინა ჩირის კანფეტები. ბაზარზე მიმდინარე წლიდან გამოვჩნდით და პროდუქტი კორპორატიული შეკვეთებისთვის საკმაოდ მოთხოვნადი აღმოჩნდა. ეს არის სრულად ნატურალური, მინარევებისა და ემულგატორების გარეშე დამზადებული კანფეტები. სპეციფიკიდან გამომდინარე, საკმაოდ ძვირიანი პროდუქტია. მაგრამ ჩვენ არ ვაკეთებთ იმ რაოდენობას რომ ან შენახვა გაგვიჭირდეს ან რალიზაცია. გვაქვს ჩვენი წარმოებისთვის საკმარისი სამაცივრე მეურნეობა, სადაც პროდუქტი ინახება. კანფეტებს მოთხოვნის შესსაბამისად ვამზადებთ და ვყიდით,"- განმარტა დარეჯან ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, კომპანიის წარმოება მცირეა და „სკიჯის“ ნიშა სასაჩუქრე-კორპორატიული მიმართულებაა.

„სკიჯი“ ბაზარზე 2015 წლიდან გამოჩნდა. კომპანიამ წარმოება "აწარმოე საქართველოს" მიკროგრანტების პროგრამის დაფინანსებით დაიწყო.

„სკიჯი“ გურიის რაიონ სოფელ ხიდისთავში მდებარეობს.

Businesspartner