ბიზნესი
08/06/2022

"ჭკვიანი აეროპონიკის" ტექნოლოგია გურიასა და სამეგრელოში წარმატებით დაინერგა

ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მწარმოებელი კომპანია “ჯი ეს ეი ტექნოლოგიებმა“ „ჭკვიანი აეროპონიკის“ ტექნოლოგია გურიასა და სამეგრელოში წარმატებით დანერგა.

“ჯი ეს ეი ტექნოლოგიების“ დირექტორი ონისე ზივზივაძე "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, რომ კომპანიამ საქართველოში პირველად სოფლის მეურნეობის 100%-ით ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მწარმოებელი თანამედროვე სასათბურე მეურნეობის განავითარების ხელშეწყობა დაიწყო.

ზივზივაძის განცხადებით, „ჭკვიანი აეროპონიკის“ ტექნოლოგია უკვე წარმატებით დაინერგა გურიასა და სამეგრელოში. პირველ შემთხვევაში  ვარდის, ხოლო მეორე შემთხვევაში - სალათის ფურცლების მოყვანა ხდება.

მისივე თქმით, „ჭკვიანი აეროპონიკის“ საშუალებით პატარა მონაკვეთზე შესაძლებელია დიდი რაოდენობით პროდუქტის მიღება. მაგალითად, წლის განმავლობაში 2–3 ტონამდე კარტოფილის მოსავლის მიღება, მხოლოდ 4 კვ.მ–ის პანელზე.

ზივზივაძის განცხადებით, „ჭკვიანი აეროპონიკის“  ტექნოლოგიის დანერგვის  ფასი საშუალოდ (4 კვ. მეტრზე)  3 500 ლარს შეადგენს. საჭიროების შემთხვევაში კონსულტაცია უფასოა.

კომპანია ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულია.

ჰიდროპონიკის ტექნოლოგიით პროდუქტის მოყვანა ხდება წყალზე. აეროპონიკის დროს მცენარეს ფესვები აქვს ჰაერში, არ იყენებს მიწას. მისი დაყენება ყველგანაა შესაძლებელი. ამ გზით  პროდუქტი 100%-ით სუფთა და ეკოლოგიურია, შეხება არ აქვს ბაქტერიებთან და გარე სივრცესთან. ყველანაირი ინფექციის წყარო დაბლოკილია.

 

Businesspartner