ბიზნესი
24/03/2023

"ჭკვიანი აეროპონიკის" ტექნოლოგიით უცხოელი და ქართველი ინვესტორები დაინტერესდნენ

სოფლის მეურნეობის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მწარმოებელი კომპანია “ჯი ეს ეი ტექნოლოგიების“ დირექტორის ონისე ზივზივაძის თქმით, „ჭკვიანი აეროპონიკის“ ტექნოლოგიით, რომელიც მცენარეების მოყვანას მიწის გარეშე გულისხმობს, უცხოელი და ქართველი ინვესტორები დაინტერესდნენ.
 
მისივე ინფორმაციით, აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის ამერიკელ ინვესტორებთან, თუმცა როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათთვის პრიორიტეტი ტექნოლოგიის ევროკავშირში გატანაა.
 
„იქედან გამომდინარე, რომ ტექნოლოგიას თავისი ავტომატიზაციის სისტემით და ყველა საჭირო აღჭურვილობით თავად ვქმნით და Software–საც ჩვენ ვუზრუნველყოფთ, საშუალება გვაქვს კიდევ უფრო შევამციროთ ღირებულება და უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ პროდუქტი,"– აცხადებს ონისე ზივზივაძე.
 
„ჭკვიანი აეროპონიკის“ ტექნოლოგია უკვე წარმატებით დაინერგა გურიასა და სამეგრელოში. პირველ შემთხვევაში ვარდის, ხოლო მეორე შემთხვევაში - სალათის ფურცლების მოყვანა ხდება. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს ექსპერიმენტები სხვდასხვა ერთწლოვან თუ მრავალწლიან მცენარეებზე.
 
ცნობისთვის, კომპანია საქართველოში პირველად სოფლის მეურნეობის 100%-ით ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მწარმოებელი თანამედროვე სასათბურე მეურნეობაა. „ჭკვიანი აეროპონიკის“ საშუალებით პატარა მონაკვეთზე შესაძლებელია დიდი რაოდენობით პროდუქტის მოყვანა, მაგალითად, წლის განმავლობაში 2–3 ტონამდე კარტოფილის მოსავლის მიღება, მხოლოდ 4 კვ.მ–ის პანელზე, სეზონის მიუხედავად.
 
ჰიდროპონიკის ტექნოლოგიით პროდუქტის მოყვანა ხდება წყალზე, ხოლო აეროპონიკის დროს მცენარეს ფესვები აქვს ჰაერში, არ იყენებს მიწას. მისი დაყენება ყველგანაა შესაძლებელი. ამ გზით მიღებული პროდუქტი 100%-ით სუფთა და ეკოლოგიურია, შეხება არ აქვს ბაქტერიებთან და გარე სივრცესთან. ყველანაირი ინფექციის წყარო დაბლოკილია.
 
 
Businesspartner

მთავარი სიახლეები