ბიზნესი
30/05/2022

"ჭკვიანი თხილი" აქცენტს ევროპის ბაზარზე აკეთებს

„ჭკვიანი თხილი“  ექსპორტის მიმართულებით გააქტიურებას გეგმავს და აქცენტს ევროპის ბაზარზე აკეთებს.

როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი ნინო ანდრიაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ამ დროისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები ევროპის თითქმის ყველა ქვეყანასთან, ასევე ისრაელთან. პროდუქცია 2021 წლის ბოლოდან უკვე იყიდება იაპონიაში.

ანდრიაძის განცხადებით, კომპანიის მიზანია „ჭკვიანი თხილის“ უახლოეს 2 წელიწადში მინიმუმ 3 ახალ ბაზარზე გასვლა.

კომპანია ამჟამად 7 სახეობის პროდუქტს აწარმოებს. მათ შორისაა: „მოხერხებული მიწის თხილი“, „ჭკვიანი თხილი“, „ყოჩაღი ნუში“,„გიჟმაჟი  პეკანის პასტა“ და „გულადი გოგრა“. წარმოებული პროდუქციის 80% საექსპორტოა.

კომპანია პროდუქციას  სასტუმროებისა და საკონდიტროებისთვისაც აწარმოებს. „ჭკვიანი თხილი“  იყიდება როგორც „აგროჰაბში“ , ისე ონლაინ ფორმატითაც.  

მისი ინფორმაციით, თხილის პასტა არ შეიცავს კონსერვანტებს, შაქარს და მხოლოდ მცირე რაოდენობით თაფლით არის დამტკბარი. ახალმოხალული თხილის არომატს ეხამება ნატურალური, მადაგასკარის ვანილი. კომპანია დიაბეტურ და ვეგანურ პროდუქციასაც ამზადებს.

„ჭკვიანი თხილი“ ბაზარზე 2017 წლის დეკემბერში შემოვიდა. “ჭკვიანი თხილი“ ოჯახური ბიზნესია. მისი დამფუძნებელები ცოლ-ქმარი ნინო ანდრიაძე და შოთა მურცხვალაძე არიან. სახელწოდება კი პროდუქტის სასარგებლო თვისებებიდან მომდინარეობს.

კომპანიის საწარმო თბილისში დაახლოებით 100 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. საათში კი 100 კგ-ის წარმოება შეუძლია. 

Businesspartner