ბიზნესი
31/05/2022

"ჭკვიანმა თხილმა" "ციმციმას" ბრენდით პარფიუმერული პროდუქციის გამოშვება დაიწყო

კომპანიამ „ჭკვიანი თხილი“ პარფიუმერული პროდუქციის გამოშვება დაიწყო.

როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი ნინო ანდრიაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს,ბაზარზე „ციმციმას“ ბრენდით ონლაინ ფორმატით უკვე იყიდება ტანის სკრაბი, რომელიც მომხმარებლისთვის საკმაოდ მოთხოვნადი აღმოჩნდა.

„პროდუქტში შედის ყავა, E ვიტამინი, ნუშის პასტა და ზღვის მარილი.  ეს არის ნატურალური, ყოველგვარი კონსერვანტების გარეშე,“-აცხადებს ანდრიაძე.

ანდრიაძის ინფორმაციით, „ციმციმას“ ტანის სკრაბი შესაძლოა უახლოეს მომავალში სააფთიაქო ქსელებშიც გაიყიდოს. ამ დროისთვის კომპანია ბრენდულ ქსელებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. წლის ბოლომდე დაგეგმილია პროდუქციის იაპონიაში ექსპორტიც.

„ჭკვიანი თხილი“ ბაზარზე 2017 წლის დეკემბერში შემოვიდა. “ჭკვიანი თხილი“ წყვილის ოჯახური ბიზნესია. მისი დამფუძნებელები ცოლ-ქმარი ნინო ანდრიაძე და შოთა მურცხვალაძე არიან. სახელწოდება კი  პროდუქტის სასარგებლო თვისებებიდან მომდინარეობს.

კომპანიის საწარმო თბილისში დაახლოებით 100 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. საათში კი 100 კგ-ის წარმოება შეუძლია.

კომპანია ამჟამად 7 სახეობის პროდუქტს აწარმოებს. მათ შორისაა: „მოხერხებული მიწისთხილი“,„ჭკვიანი თხილი“, „ყოჩაღი ნუში“ ,„გიჟმაჟი  პეკანის პასტა“ და „გულადი გოგრა“. წარმოებული პროდუქციის 80% საექსპორტოა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები