ბიზნესი
28/09/2021

"ჩვენი მიზანი უნიკალური ტექნოლოგიის გადარჩენაა" - "მართა ბებოს დამბალხაჭოს" გეგმები

"მართა ბებოს დამბალხაჭო"  მომხმარებლებს ტრადიციული მეთოდით დამზადებულ ფშაურ პროდუქტს, დამბალხაჭოს სთავაზობს. 

როგორც კომპანიის დამფუძნებელი "ბიზნესპარტნიორს" უყვება, დამბალხაჭოზე მოთხოვნა მზარდია, რაც წარმოების გაფართოების საჭიროებას ქმნის. 

"ჩვენი მიზანია ხელმისაწვდომი გავხადოთ დამბალხაჭო სამომხმარებლო ბაზარზე და ამით მის პოპულარიზაციასა და ცნობადობის გაზრდას შევუწყოთ ხელი, რაც ამ ეტაპზე წარმატებით გამოგვდის. თიანეთში გვაქვს საოჯახო საწარმო, რომელსაც 4 და ვუძღვებით და დამბალხაჭოს დამზადების მართა ბებოსეულ მეთოდს, შესაბამისად ტრადიცულ ტექნოლოგიურ ხაზს მივყვებით.

პროდუქტზე მოთხოვნიდან გამომდინარე, უახლოეს მომავალში, უპირველესი ამოცანა წარმოების განვითარებაა, რისთვისაც თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული საწარმოს აშენება და მანქანა-დანადგარებით აღჭურვაა საჭირო," - აღნიშნავს ეკა დოჯურიშვილი.  

მისივე თქმით, წარმოების დაწყებას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. პირველ რიგში ის რომ, თაობების წასვლასთან ერთად იკარგებოდა ეს უნიკალური ტექნოლოგია, რომელსაც კულტურის სამინისტრომ არამატერიალური ძეგლის სტასუსი მიანიჭა. ამის მიზეზი ნაწილობრივ იყო ჩვეულებრივ ყველთან შედარებით რთული და შრომატევადი დამზადების ტექნოლოგია, დიდი ნაწილი გამოწვეული იყო ეკონომიკური ფაქტორებით.

"სწორედ ამ მივიწყებელი უნიკალური ტექნოლოგიის გაცოცხლება და გადარჩენაა ჩვენი მთავარი მიზანი. დამბალხაჭოს შესაძენად უკანა ფშავს ან თიანეთს უნდა სწვეოდით, რადგან თბილისში პრაქტიკულად არ იყიდებოდა. ეს იყო ბაზრის აუთვისებელი სეგმენტი, რომელსაც ჩვენი შესაძლებლობებით და მცირე ფინანსური რესურსით, მოგვცემდა განვითარების პერსექტივას.

თანაც, ბოლო წლებში ტრენდული გახდა და დიდი მნიშველობა ენიჭება ჯანსაღ პროდუქტებს. მომხმარებლებს მხოლოდ ნატურალური პროდუქტების ასორტიმენტს ვთავაზობთ: დამბალხაჭოს, სოფლის კარაქს და ერბოს. არც ერთ პროდუქტში არ შედის კონსერვანტი და დანამტი. კარაქის შედღვების შემდგომი პროცესი მთლიანად ხელით შრომაზეა დამყარებული. განსაკუთრებით შრომატევადია დამბალხაჭოს წარმოების ციკლი და შესაბამისად ფასიც ყველაზე მეტი აქვს," – აცხადებს "მართა ბებოს დამბალხაჭოს" დამფუძნებელი.

"მართა ბებოს დამბალხაჭოს" რეალიზაცია ძირითადად თბილისსა და თიანეთში ხდება. პროდუქცია ექსპორტზე ჯერ არ გასულა, თუმცა კომპანიის სამომავლო გეგმებში ესეც მოიაზრება.

"მოთხოვნის ზრდასთან ერთად, გვემატება პარტნიორი ობიექტებიც. ქსელურ მარკეტებში არ ვართ, გარდა "აგროჰაბისა", რომელთნაც თითქმის 4 წელია  ვთანამშრომლობთ. ასევე პროდუქტი შეგვაქვს სპეციალიზირებულ მაღაზიებში, როგორიცაა ყველის სახლები, ეკომარკეტები, სოფლიდან.ჯი, წერტი, ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანია, ყველის სახლი ფალიაშვილზე, ბათუმში და სხვა. ამასთან, ჩვენი მომხმარებელები არიან რესტორნებიც.

წელს ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციამ "ელკანა" აგროტურიზმის მიმართულებით დაგვაფინანსა და დიდი სურვილი გვაქვს შევძლოთ ამ ნიშის ათვისება და რეგიონის ცნობადობის გაზრდა. აგროტურიზმი საქართველოში და განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში, შედარებით ახალია, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, მალე ტურიზმის მეტად მოთხოვნად მიმართულებად იქცევა," – აცხადებს დოჯურიშვილი.  

ინფორმაციისთვის, "მართა ბებოს დამბალხაჭო" ბაზარზე 4 წლის წინ გამოჩნდა. კომპანიას მოპოვებული აქვს პროექტის "აწარმოე საქართველოში" მცირე გრანტი. მოგვანებით კი "ელკანას" 13 600 ლარის დაფინანსება, აგროტურიზმის მიმართულებით.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები