ბიზნესი
09/09/2021

Crosty მომავალ წელს უკრაინასა და აშშ-ში ბრენდულ მაღაზიებს გახსნის

Crosty-ზე პანდემიას ნეგატიური შედეგები არ მოუტანია.

როგორც კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი მიქაია „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, პანდემიის მიუხედავად, Crosty-ს გაყიდვები არ შემცირებია. აქტიურად ხდება რეალიზაცია როგორც თბილისის პირველ კონცეპტუალურ მაღაზიაში, სადაც 27 სახეობის პროდუქტია წარმოდგენილი, ისე ელექტრონული კომერციის მეშვეობით.

მაღაზია ორ სივრცეს მოიცავს, ერთ ნაწილში Crosty-ს ფეხსაცმელებია განთავსებული, მეორე სივრცე კი ქართველი არტისტების ინსტალაციებს ეთმობა.

„პანდემიის უარყოფითი შედეგი არ გვიგრძვნია. ლოქდაუნის დროს, როდესაც მაღაზიები დაკეტილი იყო და მხოლოდ ონლაინ გაყიდვებზე ვიყავით, ყველა რეკორდი მოვხსენით. გაყიდვებმა მოლოდინს გადააჭარბა. ყოველ თვე ზრდის დადებითი ტრენდი გვაქვს. ალბათ, ჩვენს სეგმენტს ყველაზე ნაკლებად შეეხო პანდემიისგან გამოწვეული კრიზისი.

დაინტერესება ორივე სივრცის მხრიდანაა. არტ ნაწილში უტა ბექაიას ინსტალაციაა, რომელსაც გალერეა window.project-ი წარმოადგენს. მომავალში შევცვლით და სხვა არტისტებს შემოვიყვანთ. ეს არის ციკლი, რომელიც 2-3 თვეში ერთხელ იცვლება,“ - აცხადებს მიქაია.

მისი ინფორმაციით, კომპანიამ ექსპორტზე ყოველგვარი მარკეტინგული აქტივობები შეწყვიტა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საკუთარი ბრენდული მაღაზიებით შესვლას გეგმავს. განიხილება რამდენიმე ქვეყანა, მათ შორისაა, უკრაინა (კიევი) და აშშ (ნიუ-იორკი).

„ახლა დაგეგმვის ეტაპზე ვართ, რომელ ქვეყანაში შევიდეთ. მომავალი წლის დასაწყისში ჩამოთვლილი ორი ქვეყნიდან მინიმუმ ერთში აუცილებლად უნდა ვიყოთ წარმოდგენილი, თუმცა ორივე მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ,“ - აცხადებს მიქაია.

მისი ინფორმაციით, კომპანია მსოფლიოს მასტაბით პროდუქციას მხოლოდ ონლაინ ყიდის. მიქაიას განცხადებით, კომპანიას პანდემიამ გაყიდვების სტრატეგიაც შეაცვლევინა.

“ვინაიდან რითეილს პრობლემები შეექმნა, გამოვედით ყველა მაღაზიიდან, შევწყვიტეთ საბითუმო გაყიდვების მარკეტინგული სტრატეგია და  მომხმარებელზე ორიენტირებულ ბრენდად ჩამოვყალიბდით,“ - აცხადებს მიქაია.

Crosty-ს შექმნის იდეა ორ ძმას ეკუთვნის. კომპანიამ 2016 წლის ნოემბერში ოფიციალურად დაიწყო სპორტული ფეხსაცმლის გაყიდვები და ექსპორტზეც გავიდა. კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, რომ ნიშურ სეგმენტში კონკურენციას  მსოფლიოს ცნობილ ბრენდებსაც უწევენ. ქართველი მომხმარებლისთვის ფეხსაცმლის ფასები 500-დან 850-ლარამდე მერყეობს. კედების დიზაინს ძირითადად დამფუძნებლები ქმნიან. საწყის ეტაპზე ფეხსაცმელები ქუთაისში იკერებოდა.

Crosty მოირგო არაერთმა მსოფლიო ვარსკვლავმა, მათ შორის არიან სტეფან კარი, სინდი ბრუნა, პატრიკ შვარცნეგერი, კლეი ტომფსონი და სხვები.

 

Businesspartner