ბიზნესი
26/10/2020

დაგეგემე გასტრონომიული თავგადასავალი – რა გეგმები აქვს კულინარიულ პლატფორმა შენeat-ს

შენeat კულინარიული პლატფორმაა, რომელიც მომხმარებელს კერძების მარტივად მომზადების გზას სთავაზობს.

ვებ პლატფორმის საშუალებით, შესაძლებელია 60–მდე კერძიდან სასურველის არჩევა, რომლის ინგრედიენტებსა და დეტალურ რეცეპტს მომხმარებელი სახლში მიიღებს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი ირაკლი ხუნდაძე "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, იდეა 2 წლის წინ გაჩნდა, თუმცა პანდემიამ და კარანტინის პერიოდმა ამ იდეის საჭიროება გამოკვეთა, რადგან ადამიანებს სახლიდან გაუსვლელად შეძლებოდათ სასურველი კერძისთვის პროდუქტის შეძენა.

„მომხმარებელი ზოგავს დროს და ენერგიას, რადგან პროდუქტი უკვე გასუფთავებული და დამუშავებულია, რაც მთავარია საუკეთესო ხარისხის. თითო მიმართულებაში 5–6 კერძია. ორიენტირებული ვართ ჯანსაღ კვებაზე, თუმცა მოთხოვნიდან გამომდინარე დესერტების დამატებაც იგეგმება. მთავარი მესიჯი არის – დაგეგმე შენი გასტრონომიული კვირა. პლატფორმის საშუალებით, მომხმარებელს შეულძია დაგეგმოს და აირჩიოს თარიღი თუ როდის რა კერძის ინგრედიენტების მიწოდება სურს. უკვე 100–მდე მომხმარბელი გვყავს. ამ ეტაპზე კი ვმუშაობთ სადღესასწაულო პაკეტებზე და საბავშვო ხაზზე,“ – აღნიშნავს ირაკლი ხუნდაძე.

შენeat–ის მობილურის აპლიკაციის მონახაზი შექმნილია და ფინანსების მოზიდვის პროცესშია. როგორც კომპნიის წარმომადგენელი ამბობს, დაახლოებით ორ თვეში აპლიკაცია ხელმისაწვდომი იქნება მომხმარებლებისთვის, რომელიც დამატებით კომფორტს შეუქმნის მათ.

„ვებ–გვერდზე არის ბლოგის განყოფილებაც, სადაც საინტერესო ინფორმაციას გავაცნობთ დაინტერესებულ ადამიანებს. მასალა ყოველ თვე აიტვირთება და სხვადასხვა მიმართულებას შეეხება, რეკომენდაციებს კი „ფეისბუქის“ საშუალებითაც გავცემთ. თუ სიტუაცია გაუმჯობესდება, გაზაფხულიდან დაგეგმილია workshop-ები, შედარებით შორეულ გეგმაში კი რესტორნის გაკეთება. ამ დრომდე, ყველაფერი გაკეთდა კერძო ინვესტიციით, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 50 000 ლარია,“– აღნიშნავს შენeat-ის დამფუძნებელი.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები