ბიზნესი
08/12/2021

"დაჯე" დასაკეცი ხის ავეჯის საწარმოს 2022 წელს გახსნის

2022 წლის გაზაფხულიდან კომპანია „დაჯე“ გასაშლელი და დასაკეცი ხის ავეჯის წარმოებას ახალი საწარმოში დაიწყებს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა დავით ბოჭორიშვილმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, ახალი საწარმო თბილისში, ლილოს დასახლებაში შენდება, უკვე შეკვეთილია მანქანა-დანადგრებიც.

„დაჯე“ ეკოლოგიურად სუფთა ხის, კომპაქტური და უნიკალური მექანიზმის მქონე ავეჯია, რომელიც დავით ბოჭორიშვილმა მამის ექსპერიმენტების და მისი დიზაინპროექტის საფუძველზე შექმნა. წარმოება 2020 წლის გაზაფხულზე, არყის ხის მასალისგან ტაბურეტების დამზადებით დაიწყო, შემდეგ „დაჯეს“  პროდუქციას მაგიდა, საბავშვო სკამი და ურბანული მებაღეობის ქოთანი შემატა.

ბოჭორიშვილის განცხადებით, წარმოებული ავეჯი ახლებური, ინოვაციური სისტემის ასაწყობი და გასაშლელი კონსტურქციისა. მისი განმარტებით, ამ თვისებების ტანდემი არსებულ ბაზარზე თითქმის არ გვხვდება. „ჩვენი დიზაინით ვავსებთ უამრავ ისეთ ცარიელ სივრცეს ავეჯის სფეროში, რომელიც აქამდე აუთვისებელი იყო,“ - აცხადებს ბოჭორიშვილი.

მისი განცხადებით, ამჟამად კომპანიამ წარმოება დროებით შეაჩერა, რადგან გაფართოების ეტაპზეა. წარმოების დაწყების დღიდან კი რეალიზაციას ონლაინ მიწოდების სერვისის მეშვეობით ახდენდა.

ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ადგილობრივმა მომხმარებელმა ინოვაციური  ავეჯი საკმაოდ კარგად მიიღო, გაჩნდა დიდი მოთხოვნაც. მისი განცხადებით, ამჟამად კომპანია  ავეჯის ახალ დიზაინზეც მუშაობს, რომლის წარმოებასაც ახალი საწარმოს ამოქმედების შემდეგ დაიწყებს. მათ შორის იქნება, საბაშვო ხაზიც.

"დაჯეს“ დამფუძნებელმა დავით ბოჭორიშვილმა "პირველი არხის" სატელევიზიო შოუ  "შარქ თენქ საქართველოში“ მონაწილეობით 30 000 ლარის ინვესტიცია კომპანიის 20%-ის სანაცვლოდ მიიღო, რითაც ეკოლოგიურად სუფთა, ინოვაციური ავეჯის მასშტაბურ წარმოებას გეგმავს.

 

Businesspartner