ბიზნესი
19/05/2022

დაშბაშის კანიონზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი 14 ივნისს იხსნება

წალკის (დაშბაშის)  კანიონზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი  და სხვადასხვა ატრაქციები, მათ შორის, რესტორანი და ზიპლაინი 14 ივნისს იხსნება. ვიზიტორების მიღება კი 15 ივნისიდან დაიწყება. როგორც ცნობილია, კანიონის მონახულება გასული წლიდან უკვე შესაძლებელი იყო.  

როგორც კომპანია KASS LAND-ის დირექტორმა  ეკა თორდიამ  „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, მოეწყო კანიონში ჩასასვლელი ბილიკი, სიგრძით 1.5 კმ (ერთი გზა),  პანორამული გადმოსახედებით, საიდანაც კანიონის ულამაზესი ხედები იშლება. ბილიკი ვიზიტორს კანიონის კასკადურ ჩანჩქერებამდე მიიყვანს და უზრუნველყოფს მათ მარტივ და უსაფრთხო გადაადგილებას. 

პროექტის მიხედვით, აშენდა თანმდევი ეკოტურისტული - ბილიკები, ვიზიტორთა ცენტრით, მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე სასტუმრო, კოტეჯი, რესტორანი და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო. თორდიას ინფორმაციით, საწყის ეტაპზე, ფუნქციონირებას 20 კოტეჯი დაიწყებს. ამავე სეზონზე კოტეჯების რაოდენობა 62-მდე გაიზრდება. რაც შეეხება სასტუმროს, მისი გახსნა მომავალი წლისთვის იგეგმება.

ინფორმაციისთვის,ვიზიტორები შეძლებენ ისეთივე პრინციპით დაათვალიერონ კანიონი, როგორც შესაძლებელია მარტვილისა და ოკაცეს კანიონის ნახვა.

თორდიას ინფორმაციით, წალკის კანიონის KASS LAND-ის მხარეზე შესვლა ფასიანია. "1 ივნისიდან ფასები განახლდება, რადგან მთლიანი ტერიტორია იხსნება. ფასდაკლება გავრცელდება რეზიდენტ და საქართველოს მოქალაქეებზე,"-აცხადებს თორდია. 

შეგახსენებთ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით, წალკის კანიონის გასაიჯარებლად ჩატარდა ელექტრონული საჯარო აუქციონი, რომლითაც 2019 წელს ობიექტი გადაეცა ებრაულ კომპანია KASS LAND-ს. 

პროექტის საინვესტიციო ღირებულება  ჯამში 120 მლნ ლარია.

 

Businesspartner