ბიზნესი
20/11/2020

დიდი სავაჭრო ცენტრებისთვის დახურვის გადაწყვეტილება დამღუპველი იქნება – "სითი მოლი"

დიდი სავაჭრო ცენტრების, მოლების დახურვა ინდუსტრიისთვის დამღუპველი იქნება, - ასე ეხმაურება „ბიზნესპარტნიორთან“ „სითი მოლის“ დირექტორი ლევან მესხელი გუშინ საღამოს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დამძიმების გამო შესაძლოა დაიხუროს როგორც დიდი სავაჭრო ქსელები (მოლები), ასევე სალონები. საუბარია, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვაზეც.

მესხელის განცხადებით, თუ მოხდა რეალურად შეზღუდვა, მოლებში არსებული ბევრი კომპანია ვეღარ განაახლებს საქმიანობას. „მათმა ნაწილმა სესხები აიღო მინიმალური კოლექციის ჩამოსატანად. იცით, რომ ეს სეზონური ბიზნესია. ისედაც გაჭირვებულ სიტუაციაში, ისედაც შემცირებულ ბაზარზე, კიდევ ეს გადაწყვეტილება კატასტროფის ტოლფასი იქნება,“ - აცხადებს მესხელი.

მისივე  განცხადებით, მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებებს როცა იღებ, აუცილებელია დაითვალოს მისგან მიღებული ნეგატიური ეფექტიც. თუმცა, როგორც მესხელი აცხადებს, „სითი მოლთან“ მთავრობას არც  ეფექტთან და არც შესაძალო შეზღუდვასთან დაკავშირებით კონსულტაციები არ ჰქონია.

„შექმნილ სიტუაციაში მოიჯარეებს საიჯარო თანხაც დავუკორექტირეთ და დამატებითი თანხებიც მოვიზიდეთ, რათა დავხმარებოდით როგორც მოიჯარეებს, ისე რითეილს,ინდუსტრია რომ არ ჩამოშლილიყო. ახლა ამას ემატება საახალწლო პერიოდი, როდესაც შედარებით უნდა გააქტიურებულიყო გაყიდვები, ახლა დახურვის გადაწყვეტილების მიღება ცოტა რთულია,“ - აცხადებს მესსხელი.

Businesspartner