ბიზნესი
22/12/2021

"ეფეს საქართველო" 2022 წელს აქცენტს ჩინეთის ბაზრის ათვისებაზე გააკეთებს

2022 წელს კომპანია „ეფეს საქართველო“ („ნატახტარი“) ლიმონათის მიმართულებით ექსპორტზე გაძლიერებას გეგმავს.

კომპანიის კორპორატიულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ მომავალი წლისთვის კომპანია გეგმავს აქცენტი ჩინეთის ბაზარზე გააკეთოს, რომელიც ასათვისებელია.

„ჩვენი ლიმონათი ჩინეთში გადის, თუმცა, არა იმ რაოდენობით, რომელსაც ვისურვებდით. ასევე გავფართოვდებით ევროკავშირის  და მეზობელ ქვეყნებში,“ - აცხადებს ხუნძაკიშვილი.

ამ დროისთვის გამაგრილებელი სასმელი „ნატახტარი“ ევროპის დაახლოებით 25 ქვეყანაში იყიდება.

ხუნძაკიშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს გამაგრილებელი სასმელის (ლიმონათი) ექსპორტის მოცულობა დაახლოებით 40%-ით გაიზარდა. კომპანიამ წელს ექსპორტზე დაახლოებით 42 მლნ ლიტრი ლიმონათი გაიტანა.

სს „ლომისი“ 1991 წელს ჩამოყალიბდა და ახალგორში, ლუდის პატარა ქარხნის მშენებლობა დაიწყო. კომპანიამ 2005 წელს თიბისი ბანკისა და EBRD-ის ინვესტიციების მოზიდვის შედეგად ააშენა და აამუშავა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლუდსახარში "ნატახტარი", რომლის 100%-იანი წილის 2008 წელს "ეფესის ლუდსახარშების საერთაშორისო ჯგუფმა" (Efes Breweries International - EBI) შეიძინა. ამ დროისთვის ქარხანა აწარმოებს ლუდსა და ლიმონათს.

კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ლუდის 14 ბრენდს (ნატახტარი, ქარვა, კასრის, ოტინგერი, სტაროპრამენი, ლოვენბრაუ, მათ შორის იმპორტირებულ ბრენდებს: ეფესი, ბექსი, ფრანცისკანერი, სტელა არტუა, ლეფი, ჰოეგარდენი, კორონა, მილერი და 2 ქვებრენდს (ნატახტარი ექსტრა და კასრის მსუბუქი), პირველ ლუდის მიქსს საქართველოში - ქარვა რადლერს და ლიმონათის 8 არომატს.

 

 

Businesspartner