ბიზნესი
27/12/2021

ეფეს საქართველო: საბაზო განათლების მქონე კადრებს კარიერულად თავადვე ვზრდით

„ეფეს საქართველოს“ („ნატახტარი“) კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი აცხადებს, რომ ბაზარზე პროფესიონალი კადრის დეფიციტია, რაც გახდა იმის მიზეზი, რომ კომპანიამ თავად მიიღო კადრის გაზრდის გადაწყევტილება.

„გვაქვს სტაჟირების პროგრამა, რომლის შედეგადაც საბაზო განათლების მქონე  კანდიდატებს ვარჩევთ და კომპანიაშივე კარიერულად ვზრდით. ეს არის მიდგომა, რომელსაც საქართველოში ბოლო 15 წელია ვახორციელებთ. ჩვენთან როგორც წესი ახალი კადრები კარიერულად იზრდებიან. ეს მიდგომა იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ახალი კადრების მიღების თვალსაზრისით ბაზარზე არ ვართ დამოკიდებული. აქედან გამომდინარე,  ვთანამშრომლობთ ტექნიკურ უნივერსიტეტთან,  თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეტთან, სან დიეგოს უნივერსისტეტთან,“ - აცხადებს ხუნძაკიშვილი.

მისივე განმარტებით, კომპანია „ეფექს საქართველო“ კადრების გადამზადებაში საკმაოდ დიდ ინვესტიციას ახორციელებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, გამოკითხული კომპანიების 60.2%-ის მოსაზრებით, უმთავრესი მიზეზი, რაც კადრების მოძიებას ართულებს, აპლიკანტთა არასაკმარისი ცოდნის დონეა.

არასაკმარისი ცოდნის დონე, გამოკითხული ბიზნესის უდიდესი ნაწილის აზრით, სამი ძირითადი ფაქტორით არის განპირობებული: საქართველოში არსებული საგანმანათლებლო პროგრამები არ შეესაბამება ბაზრის მოთხოვნებს; ხოლო შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები ძალიან მწირია ან საერთოდ არ არსებობს.

სს „ლომისი“ 1991 წელს ჩამოყალიბდა და ახალგორში, ლუდის პატარა ქარხნის მშენებლობა დაიწყო. კომპანიამ 2005 წელს თიბისი ბანკისა და EBRD-ის ინვესტიციების მოზიდვის შედეგად ააშენა და აამუშავა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლუდსახარში "ნატახტარი", რომლის 100%-იანი წილის 2008 წელს "ეფესის ლუდსახარშების საერთაშორისო ჯგუფმა" (Efes Breweries International - EBI) შეიძინა. ამ დროისთვის ქარხანა აწარმოებს ლუდსა და ლიმონათს.

კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ლუდის 14 ბრენდს (ნატახტარი, ქარვა, კასრის, ოტინგერი, სტაროპრამენი, ლოვენბრაუ, მათ შორის იმპორტირებულ ბრენდებს: ეფესი, ბექსი, ფრანცისკანერი, სტელა არტუა, ლეფი, ჰოეგარდენი, კორონა, მილერი და 2 ქვებრენდს (ნატახტარი ექსტრა და კასრის მსუბუქი), პირველ ლუდის მიქსს საქართველოში - ქარვა რადლერს და ლიმონათის 8 არომატს.

 

Businesspartner