ბიზნესი
23/03/2020

ელსელემას პირბადეები ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებს დაიცავს

სამკერვალო საწარმო „ელსელემამ“ პირბადეების წარმოება დღეს დაიწყო. ვინაიდან, უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით, კომპანიაში ამჟამად მხოლოდ 10 თანამშრომელი მუშაობს, სამკერვალო პირველ ეტაპზე მხოლოდ 2 000 პირბადეს შეკერავს.

ელსელემა პროდუქტით სახელმწიფო სტრუქტურებს მოამარაგებს. დღეს შეკერილი პირბადეები ძალოვან სტრუქტურებს უკვე ხვალ გადაეცემათ. კომპანია მთლიანად პირბადეების წარმოებაზეა გადართული და ყველა სხვა შეკვეთა ამჟამად გაჩერებული აქვს.

როგორც სამკერვალო საწარმო „ელსელემას“ დამფუძნებელმა ელგუჯა მამასახლისმა ბიზნესპარტნიორთან აღნიშნა, მოთხოვნა სააფთიაქო ქსელებიდანაც აქვთ, თუმცა ამ ეტაპზე საწარმო პირბადეებით მათ უზრუნველყოფას ვერ მოახერხებს.

„ახლა იმ ნაშთზე ვმუშაობთ, რაც ამ ეტაპზე სამკერვალოს გააჩნია. თანდათან სპეციფიკური მასალების პრობლემაც დაგვიდგება, ამიტომ ვმუშობთ პერსპექტივაზე, საიდან შემოვიტანოთ შესაბამისი მასალები. თუ დამატებითი მასალების იმპორტირება არ მოხდება, სააფთიაქო ქსელებში პირბადეების შეტანას ვერც განვიხილავთ. ახლა გვირჩევნია, პირველ რიგში, ძალოვან და სახელმწიფო სტრუქტურებს დავურგეთ გვერდში და მაქსიმალურად მოვამარაგოთ ისინი. “ – ელგუჯა მამასახლისი.

ამ ეტაპზე ნაწარმის სახელმწიფო სექტორებისთის გადაცემა ხელშეკრულებების საფუძველზე ხორციელდება, თუმცა საწარმოში არ გამორიცხავენ, რომ იმის მიხედვით რა ოდენობის პირბადის გამოშვებას შეძლებენ, სახელმწიფოს პროდუქტი უსასყიდლოდ გადასცენ.

სამკერვალო საწარმო „ელსელემას“ პირბადეების ნიმუშები დაავადებათა კონტროლის ცენტრში ქონდა გაგზავნილი, საიდანაც დადებითი პასუხები მოვიდა.

Businesspartner