ბიზნესი
03/12/2020

ემიგრანტებს საქართველოში უძრავი ქონების შესყიდვა Glint Property-ს საშუალებით შეუძლიათ

აშშ-ში დამფუძნებული უძრავი ქონების საბროკერო კომპანია Glint Property,საქართველოს ბაზარზე იქნება ორიენტირებული. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი შიო ხეცურიანი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს,  ფოკუსი გაკეთდება ემიგრანტებზე, რომლებიც ცხოვრობენ აშშ-ში,ასევე ადამიანებზე, რომლებიც არიან ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან და ამჟამად აშშ-ში ცხოვრობენ. სერვისით სარგებლობა შეუძლია უცხოელსაც, რომელიც საქართველოში უძრავი ქონების შესყიდვითაა დაინტერესებული.

ხეცურიანი აცხადებს, რომ პარტნიორი კომპანიები არიან დეველოპერული კომპანია „არქი“, „ალიანს ჯგუფი“, სასტუმროების ქსელი „მგზავრები“ და “ლებაუ“.

“შესაბამისად, დაინტერესებულ ემიგრანტებს უძრავი ქონების შეძენა ამ ეტაპზე შეუძლიათ აღნიშნული კომპანიების პროექტებში, რომლებიც არის თბილისში, ბაკურიანში, ბათუმში, გონიოსა და გოდერძის კურორტზე. აქედან შეთავაზებაშია „არქის“ 20-ზე მეტი პროექტი თბილისში და ამავე კომპანიის პროექტი ბაკურიანში.

ემიგრანტებისთვის აღნიშნული პლატფორმა უფრო მოსახერხებელი იქნება, რადგან მათ ერთი ფანჯრის პრინციპით შეუძლიათ მოვიდნენ ჩვენს ოფისში, გაეცნონ საქართველოში არსებულ უძრავი ქონების პროექტებს, რომელსაც  ლიდერი კომპანიები წარმოადგენენ და რაც ყველაზე მთავარია - ქონება შეიძინონ ზუსტად იმ ფასად, რა ფასადაც შეეძლოთ საქართველოდან შეესყიდათ.“-აცხადებს შიო ხეცურიანი.

მისი განცხადებით, აღნიშნული პლატფორმის შექმნის  საჭიროება იმ მოთხოვნიდან გამომდინარე დადგა, რაც ამერიკაში არსებობს.

„მე წლების განმავლობაში ვცხოვრობდი აშშ-ში, ჩემი მეგობრებიც, რომლებიც ასევე კომპანიის დამფუნებლები არიან, წლებია იქ არიან, ვიცნობთ არაერთ ქართველ ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს საქართველოში ბინა ან საოფისე ფართი შეიძინოს. ისინი თვლიან, რომ ეს პროცესი გამარტივდება ადგილზე ოფისის გახსნით და კომფორტული სერვისის შეთავაზებით. არსებობს ვებ პლატფორმა www.GlintProperty.com, რომელზეც ყველა დაინტერსებულ ადამიანს შეუძლია ინფორმაციის მიღება“-აცხადებს შიო ხეცურიანი.

უძრავი ქონების საბროკერო კომპანია Glint Property -ის თანადამფუძნებელი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში შესაძლოა პარტნიორი კომპანიების სია გაფართოვდეს.

მისი ინფორმაციით, კომპანია Glint Property -ი აშშ-ში სულ რაღაც 1 დღეა რაც ამოქმედდება და უკვე 10 ადამიანი დაინტერესდა.

 

Businesspartner