ბიზნესი
29/07/2021

ფალავანდიშვილი აშშ-ს ანგარიშზე: გარკვეული გავლენა ექნება საინვესტიციო მიმზიდველობაზე

საქართველო რეგიონში რეიტინგების ლიდერია, როგორც კარგი ადგილი ბიზნესისთვის, - ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2021 საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიშში.

საკმაოდ ვრცელ ანგარიშში ასევე ნახსენებია, რომ საქართველოში ბიზნესის და ინვესტიციების პირობები დადებითია, თუმცა არსებობს ნდობის მზარდი დანაკლისი სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ, კერძოდ, დამოუკიდებლად და დროულად გამოიტანოს კომპეტენტური გადაწყვეტილება კომერციულ საქმეზე, რადგან ზოგიერთი საქმე წლების განმავლობაში რჩება სასამართლოში.

როგორ იმოქმედებს ასეთი გავლენიანი უწყების ანგარიში ინვესტორებზე და საინვესტიციო კლიმატზე, ამ თემაზე “ჯეოქეისის” თავმჯდომარის მოადგილემ ბაქარ ფალავანდიშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, ანგარიშში ნახსენებია საქართველოს საინვესტიციო კლიმატის დადებითი მხარეები, როგორც მდგრადი და მეტ-ნაკლებად გამართული. მეორე მხრივ, აღნიშნულია პრობლემები, რომელიც შეეხება სასამართლოს და გაწელილ ბიზნეს დავებს.

“ამგვარ ანგარიშს ცხადია გარკვეული გავლენა ექნება საინვესტიციო მიმზიდველობაზე, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ეს იქნება არსებითი. შეიძლება ითქვას, ანგარიში დაბალანსებულია და უფრო მეტად აღწერითი ხასიათისაა, ნაკლებად გვხვდება შეფასებები და ძირითადად წარმოჩენილია საქართველოს საინვესტიციო კლიმატი, სამართლებრივი რეჟიმი, კორუფცია და ა.შ. ეს ანგარიში შეიძლება დამხმარე საშუალება იყოს ინვესტორებისთვის, იმ გარემოს აღსაქმელად თუ რა ხდება საქართველოში ბიზნესის კეთების კუთხით.

მსგავსი ტიპის მითითებები, რაც სასამართლოს შეეხება, მოდის არამხოლოდ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისგან, ასევე ევროპელი პარტნიორებისგან. ვფიქრობ, ასეთი მითითებები საჭიროა, თუმცა ანგარიშში ნახსენები ზოგადი პრობლემები შეიძლება არ იყოს ისეთივე შედეგის მომტანი, როგორც კონკრეტულად სასამართლოსთან დაკავშირებული დეტალური პრობლემების განხილვა იქნებოდა,” - აღნიშნავს ფალავანდიშვილი.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საბოლოო ჯამში, მსგავსი ანგარიშები გავლენას ახდენს ინვესტორებზე, თუმცა განმსაზღვრელი მაინც არის ბიზნესის და არსებული ინვესტორების რეალური გამოცდილება, თუ როგორ კეთდება საქართველოში ბიზნესი და რა მდგომარეობაა ამ მხრივ.

Businesspartner