ბიზნესი
23/09/2022

"ფასების ზრდა გაგრძელდება" - სპეციალისტები უძრავი ქონების შეძენის გადადებას არ გვირჩევენ 

გაგრძელდება თუ არა საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ფასების ზრდა? ეს კითხვა ბოლო პერიოდში, ამ სფეროში ფასების მკვეთრი ზრდის შემდეგ განსაკუთრებით აქტუალური გახდა. მოქალაქეებს, რომლებიც უძრავი ქონების სექტორში ინვესტირებას გეგმავენ, აქვთ შეკითხვა - თუკი ფასები ხელოვნურად, უკრაინის ომის ფაქტორის გამოა გაზრდილი, ხომ არ უნდა ველოდოთ ფასების დასტაბილურებას და, შესაბამისად, რამდენად გამართლებულია ინვესტიციის ამ ეტაპზე განხორციელება.

როგორც კომპანია „რემაქსის“ ხელმძღვანელმა მარიამ ასათიანმა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში განაცხადა, ბოლო პერიოდში 1-2-საძინებლიან ბინების ქირაზე ფასები შემცირდა და ისინი ომამდელ, ანუ ბუნებრივ ნიშნულს მიუახლოვდა. სხვა სეგმენტებზე კი ომის ფაქტორს მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია. ასათიანი ამბობს, რომ ფასები ომამდეც იზრდებოდა და ზრდის ტენდენციის გაგრძელება უახლოეს წლებშიც მოსალოდნელია.

„რემაქსის“ ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ფასები დამოკიდებულია როგორც მსყიდველუნარიანი მომხმარებლის არსებობაზე, ისე სხვა ფაქტორებზე, მათ შორის ბინების თვითღირებულებაზე, ანუ სამშენებლო მასალების ფასებზე, რომლებიც იზრდება.

„თუკი შიდა პოლიტიკური სტაბილურობა იქნება და რაიმე განსაკუთრებული არ მოხდება, ფასები ზრდას გააგრძელებს. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ფასები არეულობის დროსაც კი იზრდება. კოვიდის პერიოდშიც კი, როდესაც ბევრს ნეგატიური მოლოდინი ჰქონდა, მართალია ფასმა მცირედით დაიკლო, თუმცა ინვესტიციები ისევ გრძელდებოდა. შესაბამისად, უახლოეს პერიოდში ფასების შემცირებას არ უნდა ველოდოთ და ის ზრდას გააგრძელებს,“ - განაცხადა ასათიანმა.

ცნობისთვის: საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით 11.7 პროცენტით გაიზარდა. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 11.8 პროცენტიანი ზრდით, ასევე გაზრდილია მანქანა-დანადგარების, ტრანსპორტირების, საწვავის და ელექტროენერგიის ხარჯები, ასევე დასაქმებულთა ხელფასები .

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები