ბიზნესი
16/07/2021

ფეროშენადნობთა ასოციაცია: რუს მწარმოებლებს შედარებით იაფი ქართული პროდუქციის დაბლოკვა სურთ

რუსეთი საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტის ზრდამ შეაშფოთა. ქვეყანაში ეჭვობენ, რომ საქართველოდან ფერშენადნობების იმპორტი დემპინგურ ფასად ხდება.

ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შიდა ბაზრის დაცვის დეპარტამენტმა ქართული წარმოშობის ფეროსილიკომანგანუმთან მიმართებით ანტიდემპინგური გამოძიება უკვე დაიწყო და თანამშრომლობისთვის ქართულ კომპნიებსაც მიმართა. 

კავშირში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული პროდუქტის დემპინგური მარჟა, ნორმალური ღირებულებისა და საექსპორტო ფასის თანაფარდობის დაანგარიშებით 61%-ია, რაც „ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრების ეკონომიკის ამ დარგს დემპინგური იმპორტით გამოწვეულ ზარალს აყენებს“.

რატომ გაჩნდა ეჭვი დემპინგზე და რა ხდება დღეს ფეროშენდნობების სექტორში ამ თემაზე გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ ფეროშენადნობთა ასოციაციის პრეზიდენტი ნუგზარ კევლიშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, რუსეთი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ბაზარია, მაგრამ ყველაფერის სათავე არის ის, რომ ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე ყოფნა რუს მწარმოებლებს არ აწყობთ.

“საქართველოში უფრო იაფია ფეროსილიკონმანგანუმის წარმოება, ვიდრე რუსეთში, სადაც ეს კონცენტრატი საერთოდ არ მოიპოვება. შეიძლება ითქვას, რუს მწარმოებლებს უნდათ იგრძნონ მეტი თავისუფლება, მეტი მოგება ნახონ და დაბლოკონ შედარებით იაფი ქართული პროდუქცია, მაგრამ ეს არ არის დემპინგური ფასი. ეს ფასი განისაზღვრება მსოფლიოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. ქართველი მწარმოებლებისთბის ეს დიდი დარტყმაა. ყველა კომპანიას ბაზარი მეტ-ნაკლებად დივერსიფიცირებული აქვს, მაგრამ თავიდან გადაწყობა რთული იქნება.

ზუსტად მიზეზებზე საუბარი რთულია და თავს შევიკავებ, მაგრამ პარტნიორი კომპანიები, რომლებიც ყიდულობენ ჩვენს პროდუქციას რუსეთის ბაზრისთვის, არ აწყობთ ეს ყველაფერი. პირიქით, მათ შედარებით იაფი ნედლეულის შეძენა აწყობთ, რომ მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანი ფასი ჰქონდეთ. ფეროსილიკონმანგანუმის მწარმოებლებსა და ქართული პროდუქციის მომხმარებლებს შორის ვინ გაიმარჯვებს რთული სათქმელია," - აღნიშნავს ნუგზარ კევლიშვილი.

მან ასევე აღნიშნა, რომ ასოციაციას კომუნიკაცია აქვს კოლეგებთან და დიდ კომპანიებთან რუსეთში, რაც მცირე იმედის საფუძველს იძლევა, რომ ჩვენი პროდუქციის მომხმარებლები დგანან ქართული კომპანიის გვერდით.

“პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე გასაკვირი არაფერია, თუმცა ამ ეტაპზე არ იკვეთება ის მოლოდინი, რომ რუსულ კომპანიებს არ უნდოდეთ ქართული ფეროშენადნობებების შეძენა. 2 თვეში დამთავრდება გამოძიება. კარგია, რომ ქართულ კომპანიებს თავდაცვის შესაძლებლობა ეძლევათ. საერთაშორისო არბიტრაჟსაც, რომ მიმართო თუ გადაწყვეტილება მიღებული იქნა ქართული კომპანიების წინააღმდეგ, არ მგონია, რომ სხვა რამე ბერკეტი არსებობდეს, რომელიც ზეგავლენას მოახდენს ჩვენი პროდუქციის უკან რუსეთის ბაზარზე დაბრუნებაში.

არცერთი ქარხანა წუნიან პროდუქციას არ იყიდის, არ არსებობს ტექნიკური ნორმები რომლითაც უნდა მოხდეს პროდუქციის რეალიზაცია. იმის გარდა, რომ ქართულ ლაბორატორიაში კეთდება ანალიზი, და თითოეულ გაგზავნილ კონტეინერს, მანქანას აქვს სერთიფიკატი, ასევე, პროდუქციის გამოყენებამდე ნებისმიერ ქარხანაში კიდევ კეთდება ლაბორატორიული შემოწმება და არასდროს ქართულ პროდუქციას, იშვიათი გამონაკლისების გარდა, პრობლემა არ ქონია," –აცხადებს ფეროშენადნობთა ასოციაციის პრეზიდენტი.

 

 

 

 

Businesspartner