ბიზნესი
14/03/2023

Fitpass: ქართულ კომპანიებში თანამშრომლების აქტიური ცხოვრების წახალისების კულტურა გაიზარდა

ქართულ კომპანიებში თანამშრომლების აქტიური ცხოვრების წახალისების კულტურა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორს" კომპანია Fitpass-ის დირექტორმა გიორგი შანიძემ განუცხადა.

Fitpass-ი კომპანიებს 150-მდე სპორტულ კომპლექსში, აბონემენტის პრინციპით, სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების ჩართვას სთავაზობს.

გიორგი შანიძის თქმით, Fitpass-ზე მოთხოვნის განსაკუთრებული ზრდა პანდემიის შემდგომ პერიოდში იყო, რადგან კომპანიებმა უფრო მეტად გაიაზრეს, რომ თანამშრომლების მენტალური და ფიზიკური კეთილდღეობა უნდა დაეპრიორიტებინათ.

„პანდემიის შემდეგ უფრო ცხადი გახდა, რომ თანამშრომლებისთვის მხოლოდ ფინანსური სტაბილურობა საკმარისი აღარ არის. მათთვის აუცილებელია ჯანსაღი და ფსიქოლოგიურად უსაფრთხო გარემოს შექმნა, რათა კომპანიისთვის საკუთარი თავი მაქსიმალურად ღირებულ ადამიანებად მიიჩნიონ. თუ თანამშრომლები ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევენ, ეს არა მარტო მათთვის, არამედ დამსაქმებლებისთვისაც სასარგებლოა – ისინი არიან უფრო პროდუქტიულები და მოტივირებულები, შეასრულონ საქმე საუკეთესოდ. გვყავს ისეთი პარტნიორი კომპანიები, რომლებიც სრულად ან ნაწილობრივ უფინანსებენ თანამშრომლებს ჩვენი მომსახურების ღირებულებას, რაც მეტი მოტივაციაა გუნდისთვის, დაკავდნენ აქტიური ცხოვრების წესით. მაგრამ კომპანიის დაფინანსების გარეშეც, ჩვენთან პარტნიორობა თანამშრომლებისთვის მაინც ღირებულია, რადგან ადგილობრივ ბაზარზე მხოლოდ კორპორატიული მომსახურების სახით არის Fitpass-ი ხელმისაწვდომი.“ - განაცხადა გიორგი შანიძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მათი პარტნიორი საქართველოში არსებული 2000-მდე დამსაქმებელი კომპანიაა.

ამასთან, როგორც Fitpass-ში ამბობენ, პანდემიის შემდეგ სტანდარტულად ფიტნესის, ცურვის და სხვა ტრადიციული აქტივობების გარდა, მომხმარებლების მხრიდან გაიზარდა მოთხოვნა ისეთ აქტივობებზეც, როგორებიცაა: კიკბოქსინგი, კლდეზე ცოცვა, აერობიკა, ა.შ. კომპანიაში ამბობენ, რომ ამის მიზეზი შეიძლება იყოს ზოგადი ტენდენცია, რომ ადამიანებს განსხვავებული აქტივობების აღმოჩენა და მათში საკუთარი თავის გამოცდა სურთ, Fitpass-ი კი ამ მხრივ საუკეთესო შესაძლებლობაა.

საქართველოში Fitpass-ის პარტნიორი კომპანიები არიან როგორ ქართული, ისე უცხოური კომპანიები. მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია ორენოვანი აპლიკაცია, რომლითაც სასურველ ობიექტში ყოველდღიურად შეუძლიათ დააფიქსირონ ვიზიტი.

რაც შეეხება ბაზარზე არსებულ კონკურენციას, როგორც  Fitpass-ში აცხადებენ, პირდაპირი კონკურენტი არ ჰყავთ, რადგან ამ მასშტაბურობით და შეთავაზების ერთობლიობით ადგილობრივ ბაზარზე მსგავსი კომპანია არ არსებობს.

სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კომპანიაში ამბობენ, რომ სურთ პარტნიორი ობიექტების რაოდენობის და აქტივობების მრავალფეროვნების კიდევ უფრო გაზრდა, ასევე მუშაობენ აპლიკაციის განვითარებაზე, რომ მომხმარებლის საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული ფუნქციონალები დაამატონ.

 

Businesspartner