ბიზნესი
25/03/2023

"ფოფსიმ" ძაღლის საწოლების წარმოება დაიწყო

ძაღლის ტანსაცმლისა და აქსესუარების მწარმოებელმა ქართულმა ბრენდმა „ფოფსი“ წარმოება გააფართოვა და არსებულ ასორტიმენტს ახალი პროდუქტიც დაამატა, კერძოდ, ძაღლის საწოლები. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა, გვანცა წერეთელმა განუცხადა.

„უნდა ითქვას, რომ ბაზარს საგრძნობლად უკეთესი საწოლები შევთავაზეთ. უფრო კონკრეტულად, საწოლის მთლიანი შიგთავსი მოთავსებულია სპეციალურ ტომრებში. ელვაშესაკრავების საშუალებით შეგვიძლია ამოვიღოთ ტომრები, გავრეცხოთ მხოლოდ ჩიხოლი. ასე, ძალიან მარტივია მუდმივად დავიცვათ ჰიგიენა და შევუნარჩუნოთ საწოლს ვიზუალი. ასევე, ბალიში მთლიანად არის საწოლში ჩამაგრებული, მისი ამოგდება და გაფუჭება პრაქტიკულად შეუძლებელია“, - აღნიშნა გვანცა წერეთელმა.

როგორც „ფოფსის“ დამფუძნებელი აცხადებს, კომპანიამ ახალი პროდუქტის დამატების გარდა, თარგებიც დახვეწა და ხარისხიც გააუმჯობესა. შედეგად, მომხმარებელს მათი ოთხფეხა მეგობრებისთვის მეტი რაოდენობის ლამაზი დიზაინის და სხვადასხვა დანიშნულების ტანსაცმელი შესთავაზა.

გვანცა წერეთელმა მის კომპანიაზე რეგიონში მიმდინარე გეო-პოლიტიკური ვითარების გავლენაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ 2022 წელს რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად, წარმოებისთვის საჭირო ქსოვილების და სხვა სახარჯი მასალების ფასებმა საგრძნობლად მოიმატა. „თუმცა, ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ პროდუქტზე არსებული ფასები შეგვენარჩუნებინა, ან უმნიშვნელოდ გაგვეზარდა“, - განმარტა გვანცა წერეთელმა.

ცნობისთვის, ძაღლის ტანსაცმლისა და აქსესუარების მწარმოებელი ქართული ბრენდი „ფოფსი“ 2020 წელს დაარსდა. ბრენდი აწარმოებს ყველა ჯიშისა და ზომის ძაღლისთვის სხვადასხვა ტიპის სამოსს, აქსესუარებსა და ახლა უკვე საწოლებსაც.

Businesspartner