ბიზნესი
13/01/2022

გაბრიაძე: პროგრამის "გადაიღე საქართველოში" ფარგლებში წელს 25 მლნ-ის ინვესტიციას ველით

პროგრამა „გადაიღე საქართველოში“ 2022 წელს განახლებული დიზაინით გრძელდება. „აწარმოე საქართველოში“-ს დირექტორის მოადგილე, ირაკლი გაბრიაძე „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, რომ მიმდინარე წელს პროგრამის ფარგლებში 25 მილიონი ლარის ინვესტიციას ელიან.

"ველოდებით, რომ 2022 წელს ინვესტიციების მოცულობა 25 მილიონ ლარს მიაღწევს. ქვეყნების ჩამონათვალი საკმაოდ დივერსიფიცირებულია. არიან კინომწარმოებლები ამერიკიდან, ბრიტანეთიდან, დანიიდან, ინდოეთიდან, ჩინეთიდან... ეს ფილმების გადაღების საშუალებას აძლევს ქართველ კინომწარმოებლებსაც“, - განაცხადა გაბრიაძემ.

პროგრამის დირექტორის მოადგილე იმ პირობებზე საუბრობს, რომელსაც საქართველოში ჩამოსულ კინომწარმოებლებს სთავაზობენ.

„ქვეყანაში გაწული ხარჯების 20%-ის უკან დაბრუნებას ვთავაზობთ. ასევე ვთავაზობთ ერთი ფანჯრის პრინციპს, რაც იმას გულისხმობს, რომ ვეხმარებით ნებართვების მოპოვებაში, საჯარო და კერძო სექტორთან კომუნიკაციაში. მაგალითად, „ფორსაჟის“ გადაღებისას კინომწარმოებლებმა მიიღეს ქეშბექი, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი მხარდაჭერის სახით მიიღეს ის, რომ მარტივი ურთიერთობა ჰქონდათ კერძო და საჯარო უწყებებთან. თუნდაც გზების გადაკეტვის დროს, მაღაზიების დახურვისა თუ ინვენტარის თვალსაზრისით“,- აღნიშნა გაბრიაძემ.

Businesspartner