ბიზნესი
18/07/2020

GDG ჯგუფი აბასთუმანსა და წყალტუბოში პროექტების დაწყებას არ გამორიცხავს

GDG ჯგუფის დამფუძნებელი ბეჟან წაქაძე აბასთუმანსა და წყალტუბოში პროექტების დაწყებას არ გამორიცხავს. თუმცა, ამ  საკითხს დეტალურად მხოლოდ მას შემდეგ განიხილავს, როდესაც არსებულ პროექტებს დაასრულებს.

„საინტერესო იდეაა, საინტერესოა ბიზნესისთვის, ვისაც თავისუფალი სახსრები აქვს. დიდი სურვილი მაქვს ახლაც, თუმცა, ამ ეტაპზე არ არის იმ ოდენობის ფინანსური სახსრები, რომ ყველაფერს გავწვდე. აბასთუმანი ბრწყინვალეა, ბიზნესისთვის მიმზიდველია, მით უმეტეს ახლა გზა კეთდება იმერეთში, საირმიდან გადასასვლელი, აეროპორტიდან 2 საათში აბასთუმანში იქნები, ეს იქნება უმოკლესი გზა. ამიტომ, იმერეთს ამ მიმართულებით დიდი პერსპექტივა აქვს. რამოდენიმე წელში წყალტუბოც ჩაერთვება. სამომავლო პერსპექტივად შეიძლება განვიხილოთ აბასთუმანი და წყალტუბო,“- აცხადებს წაქაძე.

GDG ჯგუფი პროექტებს ახორციელებს როგორც თბილისში, ისე იმერეთში. მათ შორისაა, 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების მშენებლობა ქუთაისის აეროპორტთან და ვანში. მიმდინარე პროექტია ასევე ვანში ღვინის ქარხნის მშენებლობა. სამივე პროექტის დასრულებას კომპანია 2021 წელს გეგმავს.

როგორც ცნობილია, მთავრობა წყალტუბოს და აბასთუმნის რეაბილიტაციას გეგმავს. პროექტში განსაკუთრებული წვლილი ბიძინა ივანიშვილს შეაქვს.

Businesspartner