ბიზნესი
12/11/2020

გემოებით სავსე "დაფა“ – გურმანებისთვის შექმნილი ბრენდის გეგმები

ახალი ბრენდი „დაფა“ ბაზარზე რამდენიმე კვირის წინ გამოჩნდა. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ კლასის ფრანგულ, იტალიურ, ესპანურ და გერმანულ ხორც პროდუქტებს, ასევე რამდენიმე სახეობის ყველს სთავაზობს. „დაფა“ გათვლილია სხვადასხვა ხასიათის შეხვედრებისა და წვეულებისთვის: პიკნიკი, დაბადების დღე, კორპორატიული საღამო, ოჯახური შეკრება ან მეგობრული წვეულება.

კომპანიის დამფუძენებლის ლიკა ბიჩინაშვილის თქმით, პანდემიის პერიოდი საკმაოდ დიდ გამოწვევებთან იყო დაკავშირებული, სწორედ ონლაინ მუშაობის რეჟიმმა და იზოლაციაში ყოფნამ განაპირობა „დაფის“ შექმნა, რამაც შესაძლებელი გახადა სახლიდან გაუსვლელად სასურველი, ხარისხიანი პროდუქციის მიღება.  

„ყოველი შეკვეთა დახვეწილი სასაჩუქრე შეფუთვით იგზავნება. შეძენა შესაძლებელია როგორც ხელნაკეთი დაფით, რომელსაც მყიდველი მომავალშიც გამოიყენებს, ასევე დაფის გარეშე, ყუთით. ამ ყველაფერს თან ერთვის სხვადასხვა სოუსი, სახლში მომზადებული ჯემებისა და ორცხობილების სახეობები, ნატურალური ფიჭა, რაც საკმაოდ პიკანტური გემოების კომბინაციას ქმნის. დაფის მრავალფეროვნებას აგრეთვე სხვადასხვა დასახელების ჩირისა და თხილეულის ასორტი განაპირობებს,“– ამბობს ლიკა ბიჩინაშვილი.

პროექტი კერძო ინვესტიცით განხორცილედა. ამ ეტაპზე, დასაქმებულია 4 ადამიანი. როგორც კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, „დაფა“ უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს და საკმაოდ დადებით გამოხმაურებებს იღებს. ლიკა ბიჩინაშვილი კომპანიის სამომავლო გეგმებზე  „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ ქართულ წარმოებას, რისთვისაც ქართული დაფის დამატება იგეგმება, სადაც მხოლოდ ადგილობრივი წარმოების პროდუქტი იქნება წარმოდგენილი. 

„საახალწლოდ ვგეგმავთ „დაფის“ განსაკუთრებული შეფუთვით გამოშვებას, ვაპირებთ მომხმარებელს შევთავაზოთ თემატური დაფები, როგორიც არის საშობაო, სააღდგომო, ვალენტინობის და სხვა.. აგრეთვე ვგეგმავთ ღვინის მწარმოებელ კომპანიებთან კოლაბორაციას, რადგან ჩვენი პროდუქტი იდეალურ კომბინაციას ქმნის ღვინოსთან. 

გაყიდვების სტიმულირებისთვის სოციალურ მედიას ვიყენებთ. ამ ეტაპზე ფეისბუქისა და ინსტაგრამის საშუალების ვახდენთ პროდუქციის წარდგენას და შეავაზებას, თუმცა დიდი სურვილი გვაქვს, რომ  გავხსნათ საკუთარი ობიექტი, სადაც მომხმარებელი ადგილზე შეძლებს როგორც პროდუქციის დაგემოვნებასა და შეძენას, ასევე საკუთარი მიქსების შექმნას. თავად ვუზრუნველყოფთ თბილისის მასშტაბით საკურიერო მომსახურებას, თუმცა განვიხილავთ გლოვო/ვოლტზე დამატებასაც. ვთანამშრომლობთ სხვადასხვა დისტრიბუტორთან და მწარმოებელთან“– აღნიშნავს „დაფას“ დამფუძნებელი.

 

Businesspartner