ბიზნესი
01/10/2020

"გემუანი" რებრენდინგს იწყებს და პროდუქციის ფასს ამცირებს

სამეგრელოში, მშრალი ხილის მწარმოებელი კომპანია „გემუანი“  ლარის გაუფასურების და პანდემიის პირობებში რებრენდინგს  იწყებს და პროდუქციის ფასს ამცირებს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა ნონა თორდიამ განუცხადა, ფასის შემცირებას კომპანია ეკონომიურ შეფუთვაზე გადასვლის ხარჯზე აპირებს.

"თუ აქამდე „გემუანი“ ჩიფსები ბაზარზე მინის ქილაში გამოდიოდა, 2 თვეში პროდუქტი სარეალიზაციო ქსელში სპეციალურ პარკებში გამოჩნდება. ამ დროისთვის სპეციალური პარკები ჩინეთიდან ჩამოვა, უკვე შეთანხმებულია დიზაინიც,“ - აცხადებს თორდია.

„გემუანი“ ბაზარზე რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. პირველი, რითეილისთვის, სადაც კომპანიის წარმოებული ხილის ჩიფსები იყიდება. საუბარია, ეკოლოგიურად სუფთა, დაახლოებით 30 სახეობის პროდუქტზე. მეორე მიმართულებაა ინდუსტრიული ინგრედიენტების მომზადება, რომელსაც ნედლეულის სახით მწარმოებელ კომპანიებს აწვდის.

„ვთანამშრომლობთ ჩაის კომპანიებთან, რომლებიც მოიხმარენ ჩვენს პროდუქტს როგორც დანამატს. ასევე ვთანამშრომლობთ HoReCa  სექტორთანაც, თუმცა, პანდემიამ ამ კუთხით გაყიდვები მკვეთრად შეამცირა“, - აცხადებს თორდია.

ამ ეტაპზე „გემუანის“ პროდუქციის გარკვეული ნაწილი ექსპორტზე იგზავნება რუსეთში, ჩეხეთში. მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა ქვეყნებთანაც.

როგორც ცნობილია, „გემუანი“ მიმდინარე წლის ივნისიდან შვეიცარიული ტრანსნაციონალური კომპანია Nestle-ს მიმწოდებელი გახდა. შესაბამისად, „გემუანი" Nestle-ს რუსეთის ფილიალს ინგრედიენტებით ამარაგებს. თორდია აცხადებს, რომ ქართული კომპანია Nestle-ს საშუალოდ 2 თვეში ერთხელ დაახლოებით 1.5 ტონა პროდუქციას უგზავნის.

სუბლიმირებული ხილის საწარმო „გემუანი“ 2011 წელს დაარსდა და მის მფლობელობაშია 100 ჰა-მდე საერთო ფართობის მიწის ნაკვეთები, სადაც მდებარეობს ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო. უშუალოდ ხილის გადამამუშავაბელი საწარმო 2017 წლიდან ფუნქციონირებს. 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები