ბიზნესი
13/01/2021

Georgian Airways-ი კარგო მიმართულების განვითარებას გეგმავს

Georgian Airways-ი ე.წ კარგო მიმართულების განვითარებას გეგმავს. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ ავიაკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, რომან ბოკერიამ განმარტა, „აირზენა“ კრედიტორებთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს და სრულად Cargo ტიპის თვითმფრინავების შემოყვანაც სურს.

„ვმუშაობთ Cargo მიმართულების განვითარებაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და პანდემიის პერიოდში ძალიან მოთხოვნადიც გახდა. ვეძებთ განვითარების გზებს. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ჩვენს კრედიტორებთან. მოგეხსენებათ, ჩვენ cargo მიმართულებით ვახორციელებდით ფრენებს.

ჩემი გენერალურ დირექტორად დანიშვნის შემდეგ ხელი მოვაწერეთ „საქართველოს ფოსტასთან“ ძალიან კარგ შეთანხმებას, რის შემდეგაც, ჩვენი აქტივები „საქართველოს ფოსტასთან“ გაერთიანდა და აეროპორტში მათი ტერმინალის მეშვეობით დავიწყეთ cargo გადაზიდვების განვითარება. სამოქალაქო ავიარეისის შესრულების დროს დატვირთვა მოდიოდა თვითმფრინავებში არსებული დამატებითი ტვირთის გადაზიდვით. სხვადასხვა ტვირთი იყო, სახიფათო ნივთებიდან დაწყებული, სოფლის მეურნეობის მიმართულებითა და საფოსტო გზავნილებით დამთავრებული, მაგრამ პანდემიამ გვაჩვენა, რომ რეგიონში Cargo მიმართულებაზე მოთხოვნა გაიზარდა.

თამაზ გაიაშვილის ინიციატივით ახლა ამ მიმართულების განვითარება მიმდინარეობს. ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ თავიდან ბოლომდე cargo თვითმფრინავების ჩამოყვანა მოხერხდეს და უკვე ამ თვითმფრინავებით cargo მიმართულება სრულყოფილად ავამუშაოთ, რაც აგრეთვე იქნება ერთგვარად პანდემიის შემდგომ მიღებული ფინანსური კრიზისის დაძლევის ერთ-ერთი გზა“,- აღნიშნა რომან ბოკერიამ.

Businesspartner