ბიზნესი
12/01/2021

Georgian Airways: ნდობის კრედიტმა გადაგვარჩინა

ავიაკომპანია Georgan Airways-ი („აირზენა“) მთავრობას ეროვნული ავიაციის განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავებას სთხოვს. გეგმის ფარგლებში კომპანიაში სურთ, რომ სახელმწიფომ პრიორიტეტი ეროვნულ ავიაკომპანიებს მიანიჭოს.

„გასულმა პერიოდმა აჩვენა, რომ მთავრობასთან ერთად წარმატებული თანაცხოვრება შეგვიძლია. ისევე, როგორც სხვა განვითარებული ქვეყნების ავიაციაში ხდება. მაგალითად, თურქეთში Turkish Airline-ს სახელმწიფოსგან უზარმაზარი მხარდაჭერა აქვს; საფრნანგეთში Air France-ი ეროვნული იდენტიფიკაციის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია; იგივეა დიდ ბრიტანეთში British Airways-ი. აქედან გამომდინარე, საქართველოს აქვს ეს უნიკალური ორგანიზაცია, კომპანია, ეროვნული ავიაცია, რომელიც ისევ დგას. ბევრ რამეს გავუძელით და დღეს ისევ ყველა გვენდობა, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ბანკები და ჩვენი პარტნიორები, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. ამან გადაგვარჩინა, ნდობის კრედიტმა, მაგრამ ნდობის კრედიტი შეიძლება ამოიწუროს და ამ დროისთვის ჩვენ გვჭირდება, რომ სახელმწიფოსთან ერთად შევიმუშავოთ ქვეყნის ავიაციის განვითარების სტრატეგიული გეგმა, სადაც ეროვნულ ავიაციას, ისევე როგორც სხვა განვითარებულ ქვეყნებში, უპირატესობა მიენიჭება, მთავრობა დაეხმარება ეროვნული ავიაციის განვითარებას. ეს ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი და ქვეყნის განვითარების, ეკონომიკის, ტურიზმის, კავშირების წინსვლის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია“,- განაცხადა "ბიზნესპარტნიორთან" Georgian Airways-ის გენერალურმა დირექტორმა რომან ბოკერიამ.

მისივე თქმით, „აირზენას“ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ოპერირება არაკეთილსინდისიერ კონკურენტულ გარემოში უწევდა, სადაც პრიორიტეტი ე.წ "ლოუქოსთ" კომპანიებს ენიჭებოდათ. თუმცა, ამის მიუხედავად, ავიაკომპანია მთავრობას კიდევ ერთ შანსს აძლევს და ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყებას სთავაზობს.

„მას შემდეგ, რაც საქართელომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, კონკურენციის გაწევა ისეთი გიგანტებისა და მონსტრებისთვის მოგვიწია, როგორიც არის Turkish Airways, Lufthansa, Air france… ჩვენ არ შეგვშინებია ამ კონკურენციის და ჩავებით, ბიბლიურად რომ ავიღოთ, დავითისა და გოლიათის ბრძოლაში. ვაჟკაცურად ვიდექით, კონკურენციას ვუწევდით, ჩვენი ადგილი ვიპოვეთ ბაზარზე და ვვითარდებოდით. პრობლემა შეგვექმნა, როდესაც მთავრობამ დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიების ფინანსური მხარდაჭერა და დახმარება დაიწყო და როდესაც ჩვენს ბაზარზე ბილეთის თვითღირებულებაზე ნაკლებად გაყიდვა დაიწყეს. თუ ჩემივე მთავრობა ჩემს კონკურენტს ამის საშუალებას აძლევს, შესაბამისად, მე არაკეთილსინდისიერ კონკურენტულ გარემოში აღმოვჩნდი. ჩვენ მეტს კი არაფერს ვითხოვთ. მხოლოდ იმას, რომ კეთილსინდისიერი, თანასწორუფლებიანი კონკურენტული გარემო იყოს, სადაც ჩვენი პროფესიონალიზმის, პატრიოტიზმის, მონდომებისა და ჩვენი ქართული კრეატიულობის მადლით გავიმარჯვებთ. ჩვენ უკვე დავამტკიცეთ, რომ ამის გაკეთება შეგვიძლია. მაგრამ, ამას ვერ შევძლებთ, თუ იქნება არაკეთილსინდისიერი კონკურენტული გარემო, რომელიც, ალბათ, შემთხვევით შეიქმნა, ვერ გათვალეს საშუალო რგოლის ხელმძღვანელებმა. დღეს გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, რომ დავივიწყოთ ის შეცდომები, რაც "ლოუქოსთებთან" დაკავშირებით გვქონდა და ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დავიწყოთ. შევქმნათ სამუშაო ჯგუფი, სადაც შევიმუშავებთ საქართველოს ეროვნული ავიაციის განვითარების სტრატეგიას“,- აღნიშნა ბოკერიამ.

Businesspartner