ბიზნესი
07/04/2022

ღვარძელაშვილის მარანი: ფულის გადახდა არც რესტორანს უყვარს და არც სასტუმროს

“ღვარძელაშვილის მარნის“ დამფუძნებელი გიორგი ღვარძელაშვილი  ქართულ ბაზარზე ღვინის რეალიზაციისას წარმოქმნილ პრობლემებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის გაყიდვა არ უღირს.

როგორც მეწარმე აცხადებს, ის წლებია ღვინოს ექსპორტზე ყიდის, ადგილობრივად  კი  მხოლოდ ღვინის ორ ბარშია წარმოდგენილი.

„მსურველი ბევრია, თუმცა, არ შემაქვს. საქართველოში ფულის გადახდა არ უყვარს არც რესტორანს, არც სასტუმროს, არც ღვინის მაღაზიას. ეს დიდი პრობლემაა. ამის გამო დავემშვიდობე ქართულ ბაზარს. დავიტოვე ორი ბარი, სადაც პატიოსნად იხდიან თანხას.

ეს მარტო ჩემს შემთხვევაში არ ხდება, მეღვინეობაში ეს ძალიან დიდი პრობლემაა. 17 400 ლარი მაქვს 22 ობიექტიდან ასაღები. კონსიგნაციით შეგვაქვს ღვინო და თანხის გადახდას ძალიან აგვიანებენ,“ - აცხადებს ღვარძელაშვილი.

თელავის რაიონის სოფელ  კონდოლში, 5 ჰექტარ მიწის ფართობზე, ღვარძელაშვილი 3 დასახელების ბიო ღვინოს - საფერავს, კონდოლურს და ჟღიას აწარმოებს.

„ღვარძელაშვილის მარანი“ ღვინოს 2015 წლიდან აწარმოებს. 

Businesspartner