ბიზნესი
17/06/2020

GITA-მ ₾100 000-იანი გრანტების თანადაფინანსების პროგრამა დაიწყო

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 100 ათასლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა უკვე მეხუთედ გამოაცხადა.

პროგრამის პრეზენტაცია სტარტაპებისთვის გაიმართა.

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ოთხი რაუნდის ფარგლებში ჯამურად 76 სტარტაპი დაფინანსდა. თითოეულ მათგანს 100 000 ლარამდე გრანტი გადაეცა. პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამა მსოფლიო ბანკის "ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის” (GENIE) მხარდაჭერით ხორციელდება.

GENIE პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის, რომელიც განკუთვნილია დამწყები/ორ წლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის. საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი წლიური ბიუჯეტი 2 მლნ ლარია.

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პროექტები-საქმიანობები, გარდა სამხედრო, ბირთვულ ტექნოლოგიებთან, სპირტის და სპირტიანი  სასმელების, თამბაქოს, და სახიფათო ნივთიერებების წარმოებისა.

 

Businesspartner