ბიზნესი
19/09/2022

"გლოვო" დელივერი სერვისს გასცდა - კომპანია ახალ მომსახურებას იწყებს

პანდემიამ „გლოვოს“ ბიზნესის ზრდა განაპირობა, თუმცა მის სერვისებზე მოთხოვნა არც პანდემიის აქტიური ფაზის გადასვლისა და რეგულაციების მოხსნის შემდეგ შემცირებულა.

კომპანია ფართოვდება და განვითარებას არა მხოლოდ დელივერი სერვისის, არამედ ელექტრონული კომერციის მიმართულებით გეგმავს. ამ მიმართულებით კომპანიას უკვე კონკრეტული ნაბიჯებიც გადადგმული აქვს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის ბიზნეს-ინოვაციების მიმართულების მენეჯერმა ლუკა ხვადაგიანმა განუცხადა, სულ მალე „გლოვოს“ აპლიკაციაში ახალი სერვისების კატეგორია გამოჩნდება.

„პანდემიამ ჩვენი ბიზნესის აქსელარაცია მოახდინა, თუმცა მას შემდეგ, რაც პანდემიის რთული პერიოდი დასრულდა, მოთხოვნის კლება არ შეგვიმჩნევია. როდესაც მომხმარებელი რაღაცას ეჩვევა, გარემო პირობების ცვლილებას დიდი გავლენა აღარ აქვს. ამიტომ ძალიან ბევრი მომხმარებელი დარჩა ლოიალურ მომხმარებლად. პანდემიის პერიოდში დავინახეთ ახალი შესაძლებლობები. მათ შორისაა „ფუდ ქორნერი“ - დახურული სამზარეულო, რომლის ფარგლობშიც პარტიორ კომპანიებს, შენობაში ვთავაზობთ უკვე გამზადებულ სამზარეულოს, სადაც შეუძლიათ გახსნან საკუთარი ბიზნესი.

ამ შენობას ვარგებთ პარტნიორის მოთხოვნებს. მათ მოაქვთ დანადგარი, მოყავთ მზარეული და იწყებენ საქმიანობას. მზად ვართ ვეთანამშრომლოთ იმ კომპანიებს, რომლებიც ბიზნესგეგმებს წარგვიდგენენ. პროექტმა გაამართლა და მასში მონაწილე კომპანიები დღესაც წარმატებით აგრძელებენ საქმიანობას ამ ფორმატში,“ - განაცხადა ლუკა ხვადაგიანმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე „გლოვო“ უკვე აღარაა მხოლოდ მიწოდების სერვისი და აქტიურად ვითარდება ელკომერციის მიმართულებით. მაგალითად ისინი ემსახურებიან ინსტაგრამ-შოპინგს, სამედიცინო პროფილის სერვისს „ექიმო“, „რედმედი“ და სხვა.

კომპანიამ ტურისტულ ბიზნესთან თანამშრომლობაც დაიწყო - მისი საშუალებით შესაძლებელი გახდა ტურისტული სააგენტოების პაკეტებისა და ტურების დაჯავშნა. ახლო მომავალში კი მომხმარებელი „გლოვოზე“ ახალ სერვისებსაც იხილავს. მათ შორის „ფხიზელი მძღოლის“ გამოძახება, ფასდაკლებების ვაუჩერები და ა.შ.

ხვადაგიანის თქმით, „გლოვო“ დაფარვის არეალსაც აფართოვებს, ბოლო გაფართოვება ლილოს მიმდებარე ტერიტორიას შეეხო. კომპანია 10 ქალაქში ოპერირებს, რაც, ლუკა ხვადაგიანის ინფორმაციით, არცერთ კონკურენტს არ აქვს.

„გლოვო“ ამ ეტაპზე მსოფლიოს 23 ქვეყანაში ოპერირებს, მათ შორისაა ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, რუმინეთი, უკრაინა და სხვა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები