ბიზნესი
11/05/2022

გორში წარმოებული ჩირის საშრობი აპარატების გაყიდვა 2023 წლიდან სომხეთში იგეგმება

ჩირის საშრობი აპარატების  მწარმოებელი კომპანია „ენლილის“ დამფუძნებელი ბადრი ციქუბაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ გორში წარმოებული აპარატები 2023 წლიდან შესაძლოა სომხეთში გაიყიდოს.

მისი ინფორმაციით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს აზერბაიჯანთანაც.

„სომხეთში გავიტანეთ ჩვენს აპარატში გამომშრალი ხილი, რომელმაც მოწონება დაიმსახურა. მომავალი წლის გაზაფხულზე ვგეგმავთ აპარატების საცდელი პარტიის გაგზავნას, რომლის შემდეგაც თანამშრომლობას დავიწყებთ,“-აცხადებს ციქუბაძე.

ბადრი ციქუბაძე მომხმარებელს უკვე სთავაზობს საშრობ აპარატებს, სადაც შესაძლებელია როგორც ხილის გამოშრობა, ისე ბოსტნეულის.

„ენლილის“ აპარატების ფასი 2 500 ლარიდან (შესაძლებელია 50 კგ პროდუქტის გამოშრობა) 10 000 ლარამდე (300 კგ პროდუქტის გამოშრობა) მერყეობს. 

ციქუბაძე აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის საშრობი აპარატების რეალიზება ონლაინ, ფეისბუქ გვერდის საშუალებით ხდება.

მისი განცხადებით, 3  წლის წინ დაწყებული საქმე დღეს უკვე პოპულარულია და იმპორტირებულ პროდუქციასაც კონკურენციას უწევს.

ამჟამად კომპანია თვეში 5-6 აპარატს აწყობს. სამომავლოდ დაგეგმილია საწარმოს გაფართოებაც.

ბადრი ციქუბაძე  "პირველი არხის" სატელევიზიო შოუ "შარქ თენქ საქართველოს" მონაწილეა .მეწარმეს  170 000 ლარიანი ინვესტიციის მოპოვება სურდა, თუმცა შარქების დაინტერესება ვერ შეძლო.

Businesspartner