ბიზნესი
17/05/2022

გურია ფიში - ბაზარზე ჩვენი შემოსვლა, ნორვეგიულ ორაგულზე ფასს შეამცირებს

საქართველოში წარმოებული ნორვეგიული ორაგული 2023 წლიდან „გურია ფიშის“ ბრენდით გაიყიდება.

როგორც „გურია ფიშ ფარმინგის" დამფუძნებელმა გიორგი ჩხაიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, იგეგმება ადგილობრივი ბაზარის სრულად ათვისება, რაც კომპანიის წარმადობის დაახლოებით 15% იქნება.

„გამორიცხულია ვინმემ, მათ შორის ნორვეგიამ ფასში კონკურენცია გაგვიწიოს. ხარისხი კი საერთაშორისო სტანდარტის იქნება. დანიელების პროექტი გვაქვს გაკეთებული, ქვირითი ნორვეგიულია, საკვები დანიიდან შემოგვაქვს, ლიფსიტები უბრალოდ ქართულ ჰავაზე გაიზრდებიან. ვგეგმავთ ყველასთან თანამშრობლობას, ვინც ბაზარზე ორაგულის მომხმარებელია, მათ შორის HoReCa სექტორთანაც,“ - აცხადებს ჩხაიძე.

რაც შეეხება ფასს, ეს დამოკიდებული იქნება მსოფლიო ბაზარზე არსებულ ფასებზე. როგორც ჩხაიძე განმარტავს, ორაგულის ფასები გაორმაგებულია.

ბიზნესმენი ვარაუდობს, რომ ქართულ ბაზარზე „გურია ფიშის“ შემოსვლა ფასებს დააკორექტირებს.

„ორაგულზე ფასები მნიშვნელოვნად შემცირდება, ეს ნაწილობრივ გაზრდის მოხმარებას. თუმცა, ეს არ არის მასიური მოხმარების თევზი. რაც შეეხება იმას, თუ როგორ შევძლებთ შედარებით იაფი ფასების შეთავაზებას, ჩვენს შემთხვევაში, ქვირითის იმპორტის დროს ამოვარდება ბევრი შუამავალი რგოლი, რომელიც აძვირებს თვითღირებულებას,“ - აცხადებს ჩხაიძე.

გურიაში წარმოებული ნორვეგიული ორგული ექსპორტზე 2023 წლიდან მასობრივად გავა.

პროექტი ითვალისწინებს თევზის თანამედროვე ტექნოლოგიებით წარმოებას წყლის რეზერვუარებში. რეზერვუარები სპეციალური მილის საშუალებით შავი ზღვის წყლით მარაგდება.

კომპანია გრიგოლეთში მდებარეობს. პროექტის ღირებულება 8,5 მლნ ლარია, საიდანაც 5 მლნ ლარი დაფინანსებულია პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში. პროექტი გათვლილია 5 წელზე და კომპანიის მენეჯმენტი ჯამში 200 მლნ ლარის ინვესტირებას გეგმავს. მეურნეობაში 18 ადამიანია დასაქმებული.

Businesspartner