ფოტო: woodworking-machinery.manufacturers.best
ბიზნესი
11/01/2022

ჰუალინგის თიზ-ში ავეჯის სერიული წარმოება წლის მეორე ნახევრიდან დაიწყება

ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ავეჯის სერიული წარმოება 2022 წლის მეორე ნახევარში დაიწყება. როგორც  „ბიზნესპარტნიორს“ ზონის აღმასრულებელმა დირექტორმა სოსო ნიბლაძემ განუცხადა, პანდემიის გამო პროექტის განხორციელება დროში გაჭიანურდა.

მისი ინფორმაციით, თიზ-ში ავეჯის გადამუშავების ერთი პროექტი მუშაობს, მეორე პროექტი იყო ჩინურ-კანადური ინვესტიციით, რომლის განხორციელება დროებით დაპაუზებულია.

“პანდემიასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა საკმაოდ იმოქმედა კომპანიების ოპერაციებზე. როგორც მოგეხსენებათ, ჩინეთი მთლიანად ჩაკეტილი ბაზარია, ლოგისტიკა ამუშავებულია, თუმცა რთული ბიუროკრატიული მექანიზმები, შეზღუდვებია დაწესებული. ეს პროექტი  შეჩერებულია ამის გამო, თუმცა ინვესტორი გეგმავს ჩინური ახალი წლის შემდგომ გაქტიურდეს. იმედია, ამ შეზღუდვების შერბილება გარკვეულწილად მაინც მოხდება,“ - აცხადებს ნიბლაძე.  

მისივე განცხადებით, მათ სატესტო რეჟიმში უკვე იმუშავეს და პანდემიის გამო შეფერხდნენ. დამონტაჟებულია მანქანა-დანადგარები, ნედლეულიც  ადგილზეა.

ავეჯის თანამედროვე ქარხანა, რომელიც 6 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მდებარეობს, ძირითადად, საყოფაცხოვრებო დანიშნულების ავეჯის წარმოებასა და მის ექსპორტზე იმუშავებს. მათ შორის იქნება აშშ-ის და ევროპის ქვეყნების ბაზრები. ჯამში პროექტში 500-ზე მეტი  ადამიანის დასაქმება იგეგმება.

როგორც ნიბლაძე აღნიშნავს, ავეჯის წარმოების პროექტში  5-6 მილიონი  დოლარის ინვესტიცია ხორციელდება.

როგორც ცნობილია, ქუთაისში ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა 2015 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდა. მთავრობის დადგენილების მიხედვით, ქუთაისის ავტომშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე ინდუსტრიული ზონის ფუნქციონირების ვადა 30 წელია

 

Businesspartner