ბიზნესი
29/04/2022

IDS ბორჯომი წარმოებას დროებით აჩერებს

მინერალური და მტკნარი წყლების მწარმოებელი კომპანია IDS ბორჯომი წარმოებას დროებით აჩერებს. ამის შესახებ განცხადებას კომპანია ავრცელებს.

"გაცნობებთ, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან კომპანია IDS ბორჯომი საქართველო მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა. კომპანიის პროდუქციის რეალიზაციის ძირითად ბაზრებზე შექმნილ რთულ ვითარებას დაემატა საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა, რამაც კომპანიას ჩაუკეტა სავალუტო შემოსავლების მიღებისა და კრედიტორებთან ანგარიშსწორების შესაძლებლობა.

კომპანია დღემდე სიტუაციის არსებითი გამოსწორების იმედით აგრძელებდა ფუნქციონირებას, რაც სამწუხაროდ ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანია იძულებულია, ა/წ 29 აპრილიდან დროებით შეაჩეროს ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების პროცესი.

იმედს ვიტოვებთ, რომ ვითარება  უახლოეს მომავალში გამოსწორდება და მოგვეცემა ფუნქციონირების განახლების შესაძლებლობა,"-აღნიშნულია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ IDS ბორჯომი საქართველოში 1997 წლიდან ოპერირებს. 2013 წლიდან IDS ბორჯომის საკონტროლო – 60%-იან პაკეტს რუსული „ალფა ჯგუფი“ ფლობს. „ალფა ჯგუფის“ დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებულ ოლიგარქთა სიაშია.

კომპანია ფლობს სხვადასხვა შვილობილ საწარმოს საქართველოში, აზერბაიჯანში, ლიეტუვაში, ყაზახეთში და ა.შ., რაც ერთობლიობაში წარმოადგენს  IDS borjomi group-ს.  მათი ძირითადი საქმიანობა „ბორჯომის“ და „ლიკანის“ ბრენდის ქვეშ არსებული ნატურალური მინერალური წყლის ჩამოსხმა და დისტრიბუციაა. აგრეთვე „ბაკურიანის“ წყლის ჩამოსხმა და დისტრიბუცია საქართველოში, უკრაინაში, დსთ-სა და სხვა ქვეყნებში.

 

Businesspartner