ფოტო: business-standard.com
ბიზნესი
23/02/2022

იგორ აფციაური: საჰაერო სივრცის ჩაკეტვა ავიასექტორისთვის კატასტროფის ტოლფასი იქნება

Aero Georgia Group-ის დამფუძნებელი აცხადებს, რომ უკრაინაში სიტუაციის გართულება ავიაბაზარზე ნეგატიურად აისახება.

იგორ აფციაური იმედოვნებს, რომ მოვლენების შემდგომი ესკალაცია აღარ მოხდება, თუმცა მისივე თქმით, თუ საქმე საჰაერო სივრცის ჩაკეტვამდე მივა, ეს საავიაციო სექტორისთვის კატასტროფა იქნება.

„ჯერ ძალიან რთულია პროგნოზირება, ყოველ საათში იცვლება სიტუაცია. მე მაინც ვიმედოვნებ, რომ აღარ მოხდება ამ მოვლენების ესკალაცია და ის სტატუსკვო შენარჩუნდება, რაც არსებობს. თუმცა, თუ კიდევ უფრო დაიძაბა მოვლენები, ეს პირდაპირ იმოქმედებს ავიაციაზე და არა მხოლოდ უკრაინასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცით, რომ უკრაინა შუაგულ ევროპაშია გეოგრაფიულად და მთელი ევროპა და არამხოლოდ, დაკავშირებულია მასთან. დაძაბულობა უკრაინაში გამოიწვევს ძალიან დიდ შეფერხებებს და პრობლემებს ავიამიმოსვლაში. როგორც იცით, ჩვენი რეგიონიც ძალიან დამოკიდებულია უკრანაზე, კიევზე - როგორც სატრანზიტო მიმართულებაზე. იქიდან გამომდინარე, რომ ავიაცია ძალიან დამოკიდებულია სხვა ბაზრებზე, ნებისმიერი ასეთი რეგიონალური კონფლიქტი აფერხებს ამ დარგს,“ - აღნიშნა იგორ აფციაურმა.

მისივე თქმით, მოსალოდნელია ავიაბილეთებზე ფასების ზრდაც.

„ფასები ძალიან დიდი პრობლემაა, რადგან ბოლო პერიოდში კოვიდ სიტუაციისა და საწვავის ფასის ზრდის გამო, ავიაბილეთები ისედაც რეკორდულად არის გაძვირებული. მოსალოდნელია, რომ ავიაბილეთის ფასი კიდევ უფრო გაიზრდება. თუმცა მე მაინც ვიმედოვნებ, რომ საქმე უკრაინის საჰაერო სივრცის ჩაკეტვამდე არ მივა, ეს ნამდვილად კატასტროფა იქნება როგორც მინიმუმ, ჩვენი დარგისთვის.“-აღნიშნა იგორ აფციაურმა.

Businesspartner