ბიზნესი
05/06/2021

იმპორტიორები ზეთის გაიაფებას ელიან

კერძო სექტორში ზეთზე ფასების ზრდის რამდენიმე მიზეზზე საუბრობენ. მათ შორის, 2020 წელს საერთაშორისო ბაზრებზე ცუდი მოსავალი, გაძვირებული ტრანსპორტირება და გაუფასურებული ლარია.

მაღაზიათა ქსელ „ბარაქას“ დამფუძნებელი, თემურ მენთეშაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, რომ პროდუქციაზე ფასის კლება არსებული მარაგების ამოწურვის შემდეგ გახდება შესაძლებელი.

„ფასის ზრდის გამომწვევი ფაქტორი რამდენიმეა. ძირითადი, საერთაშორისო ბაზრებზე არსებული ვითარებაა. იქიდან გამომდინარე, რომ 2020 წელს მზესუმზირის ცუდი მოსავალი იყო, ამან ადგილზე ფასების ზრდა გამოიწვია. გაძვირების ერთ-ერთი მიზეზია ტრანსპორტირებაც. ბოლო პერიოდში როგორც სარკინიგზო, ასევე საზღვაო ხაზებით ტრანსპორტირების ფასებმა მოიმატა. მესამე მიზეზი ლარის გაუფასურებაა. ის ნაშთები, რაც ამ ეტაპზე ქსელში გვაქვს დადებული, შეძენილია იმ დროს, როდესაც ჯერ კიდევ ლარის მაღალი კურსი იყო. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ფასი დაიკლებს ამ არსებული ნაშთების ამოწურვის შემდეგ, როდესაც პროდუქციას შევიძენთ ახალი ფასით.

კიდევ ერთი საკითხი ე.წ ქეშბექის საკითხიცაა. ქსელურ მარკეტებში პროდუქციის შეტანა შეუძლებელია ქეშბექის გარეშე. იქიდან გამომდინარე, რომ ქეშბექის თანხა ასახულია ფასში, სწორედ ამ გაზრდილი ფასით შემოდის საქონელი არაქსელურ მაღაზიებშიც. ეს ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა, რომელიც ფასს უწევს ყველა პროდუქტს, მათ შორის, ზეთსაც“,- აღნიშნავს მენთეშაშვილი.

Businesspartner