ბიზნესი
20/09/2022

"ინნ ჯგუფი" უძრავი ქონების ბიზნესში შედის - "დიდი დიღომი ინნის" მშენებლობა 2024 წელს დასრულდება

„ინნ ჯგუფი“  უძრავი ქონების ბიზნესში შედის. კომპანიაში  შემავალმა კომპანია „ინნ დეველოპმენტმა“  პირველი ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დიდ დიღომში 2022 წლის აგვისტოში დაიწყო.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „ინნ ჯგუფის“ პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლანა ბლიაძემ განუცხადა, 2024 წლის გაზაფხულზე მობინადრეებს უკვე  შესაძლებლობა ექნებათ ახალი ცხოვრება ახალ გარემოში დაიწყონ.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 60 მლნ ლარს შეადგენს.

როგორც ბლიაძე აცხადებს, „დიდი დიღომი ინნი" 14 000 კვ.მეტრ ფართობზე განთავსებული საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც 4 საცხოვრებელ ბლოკს მოიცავს, კორპუსები 14, 15 და 16 სართულისგან შედგება. 

კომპლექსს აქვს, როგორც ღია, ასევე მიწისქვეშა ავტოსადგომი,  საცხოვრებელი და  კომერციული ფართები.

კომპლექსის სავიზიტო ბარათი შიდა რეკრეაციული ზონა იქნება, ეზოში  150 ხე დაირგვება, კეთილმოწყობილი ეზო კი როგორც საფეხბურთო, ასევე საბავშვო მოედანს მოიცავს.

„საყურადღებოა კომპლექსის ადგილმდებარეობა, დემეტრე თავდადებულის ქუჩა არის გარანტი, იმისა, რომ შეფერხებული გადაადგილების გარეშე მიხვიდე სახლამდე.

ასევე აღსანიშნავია კომპლექსის ენერგოეფექტურობა - საცხოვრებელი ბლოკები უახლესი სტანდარტებით შენდება, რაც სპეციალური თბოსაიზოლაციო მასალით შეფუთვასაც მოიაზრებს,  რაც სახლის ენერგოეფექტურობას განაპირობებს, ეს კი თავის თავში მობინადრის შემცირებულ ხარჯებს და ნაკლებ კომუნალურ გადასახადებს მოიაზრებს,“ - აღნიშნავს ლანა ბლიაძე.   

კომპანიის პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, „ინნ ჯგუფი“ საკუთარი ძალებით აშენებს საცხოვრებელ კომპლექსს. კომპანიის პორთფოლიოში მოიაზრება, როგორც სასტუმროები, ასევე საცხოვრებელი კორპუსები.

რაც შეეხება იმას, თუ როდის დაიწყება გაყიდვები და რა საფასო სეგმენტზე იქნება გათვლილი, ბლიაძე აცხადებს, რომ  გაყიდვების პროცესი  15 სექტემბერს დაიწყო და უკვე წარმოუდგენლად  მაღალია დაინტერესებულთა მაჩვენებელი.

„პროექტი „დიდი დიღომი ინნ“ გათვლილია საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანებზე, გადახდის პირობები კი იმდენად მოქნილია, რომ მობინადრეთათვის ამ გადაწყვეტილების მიღება დიდი თავსატეხს არ უნდა წარმოადგენდეს. ჩვენთან ბინის შესყიდვა შეუძლია ყველას, ვისაც სურვილი აქვს იცხოვროს ახალ, თანამედროვე საცხოვრებელ სახლში, სადაც მეზობელი მეზობელს ცნობს, საცხოვრებელი სახლი კი ეზოდან იწყება, ამიტომაც შევარჩიეთ სლოგანი „გადმოდი შ-ინნ“ და „გახდი შ-ინნ-აური,“ - აცხადებს ბლიაძე.

კითხვაზე, რატომ მიიღო „ინნ ჯგუფმა“ დეველოპერულ ბიზნესში შესვლის გადაწყვეტილება და რას შეცვლის კომპანიის აღნიშნულ სექტორში შესვლა,  ანუ ხომ არ დაიწყება   ბაზრის ხელახალი გადანაწილება, ლანა ბლიაძე განმარტავს, რომ  ეს არ არის კომპანიის მხრიდან გადადგმული პირველი ნაბიჯი დეველოპმენტში, კომპანიას მშენებლობის დიდი გამოცდილება აქვს, თუმცა, მსგავსი მასშტაბის პროექტი ნამდვილად პირველია.

„რაც შეეხება ამ გადაწყვეტილებას, პანდემიამ ბევრი რამ გვასწავლა, მათ შორის ის, რომ სტუმარ-მასპინძლობის სექტორზე ყველაზე მძაფრად აისახება გარე მოვლენები, თუ გინდა, რომ რთულ პირობებშიც შეძლო მოვლენების მართვა, გადასახადების გადახდა და თანამშრომლების შენარჩუნება, კომპანიის რამდენიმე მიმართულებით პოზიციონირება მეტ-ნაკლებად სიმშვიდის გარანტია.

რაც შეეხება ბაზარს და ჩვენი შემოსვლით მოსალოდნელ ცვლილებებს, „ინნ დეველოპმენტი“ მთლიანად ქართული კომპანიაა, რომელიც ყოველთვის ცდილობს, რომ მომხმარებელს შესთავაზოს უკეთესი ხარისხი ნაკლებ ფასად და თუ ეს მიდგომა ვინმეს კონკურენციას შეუქმნის მხოლოდ და მხოლოდ დადებითად აისახება ჩვენს ქვეყანასა და თანამოქალაქეებზე,” - აცხადებს ბლიაძე.

შეგახსენებთ, სასტუმროების ქართული ქსელი "ინნ ჯგუფი" საქართველოს ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს. კომპანიის განხორციელებული პროექტებია: საცხოვრებელი კომპლექსი ვაშილიჯვარში „რენესანსი“, სასტუმრო „ბაკურიანი ინნ“,  აპარტამენტები „ბაკურიანი ინნ“, სასტუმრო „ივერია ინნ“, სასტუმრო „გუდაური ინნ“, სასტუმრო „ქუთაისი ინნ“, სასტუმრო „გორი ინნ“.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები