ბიზნესი
16/10/2020

ინტერესდება თუ არა ბიზნესი ახალ ზოოპარკში ინვესტიციის ჩადებით

ახალ ზოოპარკში ბიზნესი კვების ობიექტების მოწყობით ამ ეტაპზე არ დაინტერესებულა. ამას ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე "ბიზნესპარტნიორთან" იმით ხსნის, რომ ტერიტორიაზე ჯერ დასრულებული არ არის იმ ინფრასტრუქტურის მშენებლობა.

„როგორც ჩანს ელოდებიან გახსნას, ნახავენ რა იქნება. თუმცა, არიან კომპანიები, რომლებიც გარკვეულ ინტერესს უკვე გამოხატავენ,“ - აცხადებს გურიელიძე. ზოოპარკის დირექტორი კომპანიების იდენტიფიცრებას ამ ეტაპისთვის არ ახდენს, რადგან მისი ინფორმაციით, ეს მხოლოდ დაინტერესებაა. 

მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ახალი ზოოპარკი ამ ეტაპზე გახსნილი არ არის, მოსახლეობის მხრიდან ინტერესი მაინც დიდია, დაინტერსებაა ტურისტული კომპანიებისგან, რომლებიც ცდილობენ ახალ ზოოპარკში ტურისტები თავიანთი პასუხისმგებლოობის ქვეშ შეიყვანონ.

როგორც ცნობილია, 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ თბილისის ზოოპარკი ეტაპობრივად ცდილობს ახალი ბინა თბილისის ზღვის ტერიტორიაზე დაიდოს. ზურაბ გურიელიძის ინფორმაციით, ახალი ზოოპარკის სრულად აღჭურვისთვის დაახლოებით 50 მლნ დოლარია საჭირო. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები თანხების მოზიდვასთან დაკავშირებით საფინანსო ინსტიტუტებთან.

„მიღებული გვაქვს გრანტები, მაგალითად, გაეროს განვითარების პროგრამისგან (UNDP), ასევე მივიღეთ გრანტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისგან (GIZ) და ამ მიმართულებით კიდევ ვმუშაობთ,“ - აცხადებს გურიელიძე.

მისი ინფორმაციით, ცხოველების ნაწილი უკვე გადაყვანილია. მათ შორის ირმები, ნიამორები, ჯიხვები, ფოცხვერები, აქლემები, აფრიკული ველური ძაღლები. უკვე დასრულებულია ავიარიუმი დიდი ფრინველებისათვის.

კითხვაზე, როდის იგეგმება ახალი ზოოპარკის სრულად გახსნა და როდის მიიღებს პირველ ვიზიტორს ახალი ზოოპარკი, გურიელიძე აცხადებს: „ერთია როდისთვის ვფიქრობ,  და მეორეა როდის მინდა. რეალურად რომ ავიღოთ, მინდა, რომ  პირველი ნაწილი (კავკასიის ნაწილი) გაიხსნას მომავალი წლის გაზაფხულზე,“ - აცხადებს გურიელიძე.

ზოოპარკის დირექტორის ინფორმაცით, ამ დროისთვის ჯამში 5 მილიონ ლარის სამუშოებია განხორციელებული. ახალი ზოოპარკი თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გაშენდება და მისი ფართობი 48 ჰექტარი იქნება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები