ბიზნესი
10/07/2020

ინვესტორი: ვგეგმავთ, წარმოება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან საქართველოში გადმოვიტანოთ

კომპანია HIP Holding-ის თავმჯდომარე ჯეიმს ჰონგი საქართველოს საინვესტიციო გარემოთი კმაყოფილია. ჰოლდინგში შემავალი კომპანია „გლობალ რისაიქლინგი“ ხობში პლატმასის გადამამუშავებელი ქარხნის ამოქმედებას გეგმავს.

“ვგეგმავთ ჩვენი პლასტმასის გადამამუშავებელი ქარხანა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან გადმოვიტანოთ საქართველოში, სადაც არაჩვეულებრივი საინვესტიციო პირობებია, მათ შორისაა, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებები ევროკავშირსა და ჩინეთთან და, რა თქმა უნდა, უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა,“ - განაცხადა ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ ჯეიმს ჰონგმა. 

მისივე თქმით, კომპანია გეგმავს არა მარტო გადაამუშაოს პლასტმასის ნარჩენები, არამედ აწარმოოს კიდეც პროდუქცია და მისი რეალიზაცია მოახდინოს როგორც საქართველოს ბაზარზე, ასევე ექსპორტზე გაიტანოს ევროპის ქვეყნებში, ჩინეთსა და ამერიკაში.

"რაც შეეხება სამუშაო ადგილებს, ჩვენ ვგეგმავთ დავასაქმოთ 18-იდან 65-წლამდე 400-ზე მეტი ადგილობრივი მოქალაქე. ჩვენ შევთავაზებთ მათ სპეციალურ მომზადებას, სათანადო ანაზღაურებასა და ღირსეულ სამუშაო გარემოს,“ - განაცხადა ჩინელმა ინვესტორმა.

„გლობალ რისაიქლინგმა“ ხობის მუნიციპალიტეტში 30 ჰა მიწა „100 საინვესტიციო შეთავაზების“ პროექტის ფარგლებში პირობებიან აუქციონზე შეიძინა და სამხრეთ - აღმოსავლეთ აზიიდან პლატმასის გადამამუშავებელი ქარხნის გადმოტანას და შემდგომ აღნიშნული მიწოდების ჯაჭვში ჩართული სხვა საწარმოების საქართველოში გახსნას გეგმავს. პირველ ეტაპზე, ინვესტორი 50 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს, ხოლო მომავალში ხობში გეგმავს დამატებითი ინვესტიციის განხორციელებას.