ბიზნესი
07/09/2020

ირაკლი ღვალაძე ჭიათურაში შატოს აშენებას გეგმავს

მომავალ წელს „საქპატენტის“ ყოფილი ხელმძღვანელი ჭიათურაში შატოს აშენებას გეგმავს. ირაკლი ღვალაძე „ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, რომ პროექტისთვის დაახლოებით 150-200 000 ლარის ინვესტიციაა საჭირო.

როგორც ღვალაძე აღნიშნავს, დაგეგმილია გესტჰაუზის ტიპის სასტუმროს, ხის კოტეჯების მშენებლობა. „ქართველების ნიშა არის ბიოლოგიურად სუფთა ღვინო, პატარა წარმოებები, მაქსიმალურად დაცული ძველი ტექნოლოგიები, ხარისხი. ვინც ეს ღვინო შეაფასა, დააფასა კიდეც, შესაბამისად, ამ მიმართულებას პერსპექტივა აქვს“, - აცხადებს ირაკლი ღვალაძე.

ამჟამად „ირაკლის და გიორგის მარანი“ ღვინოს ორი ჯიშის - ძელშავასა და პინოს ყურძნისგან აწარმოებს. წელს დაახლოებით 800-900 ბოთლის ჩამოსხმა იგეგმება.

ირაკლი ღვალაძის საოჯახო მეურნეობა ჭიათურის სოფელ ცხრუკვეთში მდებარეობს. 2000  კვადრატულ მეტრზე ვენახი 5-6 წლის წინ გაშენდა. ღვინის სატესტო რეჟიმში ჩამოსხმა გასულ წელს დაიწყო. სამომავლოდ დაგეგმილია ყურძნის ახალი ჯიშების - ციცქას და ცოლიკაურის გაშენებაც.

„ამ ეტაპზე ღვინო სარეალიზაციო ქსელში არ არის, მისი დაგემოვნება მხოლოდ შინაურულ წრეში ხდება. დაინტერესება არის რამოდენიმე რესტორნიდან, თუმცა, ეს სამომავლო გეგმაა. წელს კარგი მოსავალი იქნება და მარნის განვითარება ინტენსიურად მომავალი წლიდან დაიწყება,“ - აცხადებს ირაკლი ღვალაძე.

მისი ინფორმაციით, სამომავლოდ დაგეგმილია ღვინის ექსპორტზე გატანაც, მათ შორის, გერმანიაში.

 

Businesspartner