ბიზნესი
11/01/2021

ირაკლი იაშვილი: "ქართულმა ოცნებამ" ბიზნესისთვის მართლაც კარგი გარემო შექმნა

„ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილი პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლას „ბიზნესპარტნიორთან“ აფასებს. ბიზნესმენი სიტუაციას ოპტიმისტურად უყურებს და აცხადებს, რომ დროა, სახელმწიფომ დამოუკიდებლად იარსებოს.

„მე ოპტიმისტურად ვუყურებ, ეს კაცი ვერ იქნებოდა მთელი ცხოვრება. ჩვენ 30 წელია სულ ვიღაცაზე მიყუდებულები ვართ. სახელმწიფომ დამოუკიდებლად უნდა იარსებოს, ხალხმა უნდა აირჩიოს მთავრობა, ვიღაცას კისიერზე არ უნდა ჩამოვეკიდოთ და ჩვენ თვითონ უნდა ვიმოქმედოთ. ეს დრო დადგა,“ - აცხადებს იაშვილი.

კითხვაზე, რა პროცესებს უნდა ველოდოთ ბიზნესსა და ეკონომიკაში, იაშვილი აცხადებს, რომ ეს პირდაპირ კავშირშია იმაზე, თუ როგორ გაგრძელდება ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრება.

„ამ 9 წლის განმავლობაში ხომ რამდენიმე პოლიტიკური ციკლი გავიარეთ? ბიზნესისთვის ყველაზე კარგი გარემო მართლა შექმნა „ქართულმა ოცნებამ“ ყოველგვარი პოლიტიკური მიკერძოების გარეშე რომ ვისაუბროთ. ბიძინა ივანიშვილის გასვლამ პოლიტიკიდან,  არ მგონია პოლიტიკური რყევები გამოიწვიოს. თუმცა, თეორიულად რომ დავუშვათ და უკან დავბრუნდეთ რომელიმე პოლიტიკურ ციკლში, რომელიც საქართველოს უკვე გავლილი აქვს, ვგულისხმობ ისტორიას, რაც გავიარეთ 30 წლის განმავლობაში, საერთოდ არ ყოფილა ბიზნესისთვის, მაგრამ მაინც რაღაცას ვახერხებდით. ხან წითლები მორბოდნენ და ხან ე.წ შავები. ახლა თავისუფლება ნამდვილად მქონდა, არავინ მორბოდა, არავინ მაყადაღებდა, ბიზნესის გადაფორმებას არავინ თხოულობდა,“ - აცხადებს იაშვილი.

ბიზნესმენი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნების“  პირობებში ბიზნესის ნაწილში ძალიან ნელა ხდებოდა და ხდება გადაწყვეტილების მიღება, რაც ნეგატიურია და გამოსასწორებელია.

„თვეები, ხანდახან წლებიც უნდებოდნენ, მაგრამ ბიზნესის მიმართ აგრესია და მიკერძოებული დამოკიდებულება არ ყოფილა. ამიტომ, შემდგომი პოლიტიკური ციკლი, რომელშიც ახლა შევედით და რომელიც ბიძინა ივანიშვილის გარეშე დაიწყება, საინტერესოა როგორ გაგრძელდება. ეს ოთხი წელი და შემდეგი 4 წელი ძალიან მნიშვნელოვანია, შეინარჩუნებს თუ არა ეს პარტია ხელისუფლებას, კოალიცია იქნება, ვისთან იქნება და საერთოდ რა იქნება. ახლა ყველა პოლიტიკური მოთამაშე შეეცდება გამოიყენოს ბიძინა ივანიშვილის გასვლა პოლიტიკიდან და სათავისოდ წარმართოს პროცესები,“ - აცხადებს იაშვილი.

მისი განცხადებით, თუ ეს ხელისუფლება ბიზნესთან მიმართებაში გააგრძელებს იმ სულისკვეთებას, რაც იყო, არაძალადობრივი და არააგრესიული, მოუმატებს  ხელშეწყობის და გადაწყევტილებების სწრაფად მიღების ტემპებს, მაშინ პოზიტივი იქნება.

შეგახსენებთ, დღეს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილმა წერილი გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ის მიდის  პოლიტიკიდან ამაყი, გამარჯვებული და ხალხის მადლიერი.

 

Businesspartner