ბიზნესი
12/01/2021

ირაკლი ნადარეიშვილი: მთავრობა აქტიურად მუშაობს 1-ელი თებერვლიდან ბიზნესის გახსნაზე

1-ელი ტებერვლიდან ბიზნესის გახსნის ერთ-ერთ წინაპირობად თანამშრომელთა რეგულარული ტესტირება განიხილება.

როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე განმარტავს, მთავრობა აქტიურად მუშაობს 1-ელი თებერვლიდან ბიზნესსექტორების გახსნაზე. 

სწორედ ამ მიზნით გაიმართა სავაჭრო სექტორთან სამუშაო შეხვედრა, სადაც როგორც ირაკლი ნადარეიშვილი ამბობს, განიხილეს ის პირობები, თუ რისი დაკმაყოფილება მოუწევს სექტორს, რომ შეუფერხებლად მოხდეს მათი ფუნქციონირების, საქმიანობის განახლება 1-ელი თებერვლიდან.

"მათ შორის, ეს მოიცავს როგორც წინა პერიოდში შემუშავებულ და განხორციელებულ რეგულაციებს, ასევე განიხილება კომპანიების თანამშრომლების რეგულარული გატესტვა, რომელიც იქნება ერთ-ერთი პირობა იმისა, რომ ბიზნესმა უწყვეტ რეჟიმში გააგრძელოს მუშაობა“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ირაკლი ნადარეიშვილი და გენადი არველაძე, შრომითი ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე, ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი ესწრებოდნენ.

 

Businesspartner