ბიზნესი
04/06/2021

ივა ჭყონია: ლარის ასეთი გამყარების პირობებში პირველადი მოხმარების პროდუქცია გაიაფდება

ბოლო რამდენიმე დღეა ეროვნული ვალუტა გამყარებას განაგრძობს, ლარი მყარდება  ყველა პარტნიორ ვალუტასთან მიმართებაში. რას გეგმავენ რითეილ კომპანიები, აისახება თუ არა ეს პროდუქციის ღირებულებაზე და უნდა ელოდოს თუ არა მომხმარებელი ფასების შემცირებას - თემაზე „ბიზნესპარტნიორს“ საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ივა ჭყონია ესაუბრა.

მისი განცხადებით, საზოგადოება უახლოეს მომავალში, თუ ლარის გამყარების ასეთი ტრენდი შენარჩუნდა, პირველადი საჭიროების პროდუქტების გაიაფებას უნდა ელოდოს. რასაც ვერ ვიტყვით, სხვა ტიპის პროდუქციაზე.

„ლარის მიმართ ნდობა არის საკმაოდ დაბალი, არაერთხელ გვინახავს ანალოგიური, რომ ეროვნული ვალუტა იწყებს დასტაბილურებას და შემდეგ კრიტიკულ ნიშნულს უბრუნდება. ბიზნესი გაურკვეველობაშია, რადგან ბუნდოვანია რა ამყარებს ლარს. აქვე გასათვალისწინებელია ის ზარალი, რაც ბოლო პერიოდში მიიღო ბიზნესმა ლარის გაუფასურების გამო, მათ შორის საწვავზე ფასის ცვლილებაც საკმაოდ ნეგატიურად აისახებოდა პროდუქციის თვითღირებულებაზე.

ამ ეტაპისთვის, სწრაფად ფასის ცვლილებას შეიძლება ველოდოთ ისეთ პროდუქტზე, როგორიცაა პირველადი მოხმარების, რომელიც ყოველდღიურ ბრუნვაშია და იმპორტირებულია. ეს იქნება ზეთი, შაქარი, ფქვილი, შემოტანილი ბოსტნეული თუ ხილი, თუმცა, ისეთი მეორე, მესამე ან მეოთხე კატეგორიის პროდუქტები, რაც უფრო გრძელვადიანია, ამაზე ჯერ-ჯერობით ვვარაუდობ, რომ კომპანიები ფასებს არ გადახედავენ. დააკვირდებიან რა იქნება, თუმცა, ვისაც ამის საშუალება ექნება, გამოიყენებს და გარკვეულ აქციებს გამოაცხადებს, სადაც კონკრეტული პროდუქტი სააქციო ფასით გაიყიდება,“ - აცხადებს ჭყონია.

Bloomberg-ის სისტემაში ერთი დოლარის ღირებულება 11:00 საათისთვის 3.0375 ლარი იყო. 4 ივნისის ვაჭრობა 3.10-ის კურსით გაიხსნა, ამჟამად 1 აშშ დოლარი 3.0513 ლარს შეადგენს.

Businesspartner