ბიზნესი
15/04/2022

ივა ჭყონია: ზეთის დეფიციტი არ იქნება, თუმცა ფასი გაიზრდება

რუსეთი მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე კვოტირებას იწყებს. ქვეყანამ საექსპორტო კვოტა მინილიონ ნახევარი ტონით განსაზღვრა და შეზღუდვა 31 აგვისტომდე გაგრძელდება. 

დაწესებული კვოტირების გამო, დისტრიბუტორთა ასოციაცია საქართველოს ბაზარზე დეფიციტს გამორიცხავს, თუმცა ფასების ზრდას ელის. 

"რთული ვითარებაა, თუმცა ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს. ჩვენთან დეფიციტი ნამდვილად არ იქნება, უბრალოდ დისკომფორტი შეიქმნება იმ კუთხით, რომ იქნება ფასების ზრდა. რთულია თქმა, რამდენით გაიზრდება, თუმცა უნდა ველოდოთ 5%-დან ზევით. გააჩნია ბრენდს, მწარმოებელს. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ეს არის ჩვენი ვერაგი მეზობლის ბრალი",- განაცხადა ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ. 

საქართველოში იმპორტირებული ზეთის 87% სწორედ რუსეთზე  მოდის. როგორც ივა ჭყონია "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, უახლოეს მომავალში იმპორტიორი ქვეყნების რიცხვი აუცილებლად გაიზრდება. მოლაპარაკება მიდის მექსიკასთან, არგენტინასთან, მოლდავეთთან, ახლო აღმოსავლეთთან. 

"ალეტრანტიულ ბაზრებთანაც იქნება საუბარი. თუ საფასო სეგმენტში, იმპორტიორებს დაახლოებით იგივე დაუჯდებათ პროდუქტის იმპორტი, რაც რუსეთიდან, დიდი ალბათობით ალტერნატიულ ბაზრებზე გადავეწყობით თავიდან ბოლომდე. თუმცა ამ ეტაპზე ჯერჯერობით საკმაოდ რთულია, რადგან პირველი, რომ ლოგისტიკა საკმაოდ სწრაფად ხდება და პროდუქცია ძალიან სწრაფად შემოდის, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი - რიგ შემთხვევაში 3 დღეში პროდუქტი უკვე ადგილზე გვაქვს ხოლმე და შემდეგ უკვე ფასი", - აღნიშნა ივა ჭყონიამ. 

 

Businesspartner