ბიზნესი
17/10/2021

ჯარა: ქართულ თაფლში ანტიბიოტიკების შემცველობა 8%-მდე შემცირდა

„ჯარას“ მეფუტკრეთა ასოციაციის ინფორმაციით, თაფლში ანტიბიოტიკების შემცველობა 8%-მდე შემცირდა.

როგორც ასოციაციის თავმჯდომარემ ასლან შაქარაძემ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, თუ 2019 წელს თაფლში მავნე ნივთიერებების რაოდენობა 54%-ს შეადგენდა, ბოლო მონაცემებით ეს მაჩვენებელი მინიმუმამდეა შემცირებული.

„ქართულ თაფლზე მოთხოვნა იზრდება. როცა პირველ შეკვეთას შედარებით მცირე მოცულობას ვაგზავნით, შემდეგი შეკვეთისას დამკვეთის მხრიდან მოცულობა იზრდება. ეს მანიშნებელია იმის რომ თაფლი არის ხარისხიანი და საზღვარგარეთ გვჭირდება მხოლოდ კარგი რეკლამა და იმ ხარისხის შენარჩუნება რაც გვაქვს," - აღნიშნა ასლან შაქარაძემ.

მისივე თქმით, მოთხოვნის ზრდასთან ერთად, „ჯარას“ მიერ წარმოებული ბიო სერთიფიცირებული თაფლის რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. კომპანია თაფლს 23 მეფუტკრისგან იბარებს.

„მიმდინარე წელს 5 ტონამდე თაფლს ველოდებით. „ჯარას" თაფლს ბიო სერთიფიკატი აქვს და ეს იმას ნიშნავს, რომ მისი შეტანა ევროპის ნებისმიერ ქვეყანაშია შესაძლებელი. მზად ვართ ნებისმიერი დაინტერესებული ქვეყანა დავაკმაყოფილოთ როგორც რაოდენობრივად ისე ხარისხობრივი მაჩვენებლებით,“ - აღნიშნა ასლან შაქარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ქარული თაფლი იმ ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს შორისაა, რომლის რეალიზაცია ევროკავშირის ბაზარზე დაშვებულია.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპაში წელს 134 ტონა თაფლის ექსპორტი განხორციელდა. გასულ წელს კი ეს მაჩვენებელი 22 ტონა იყო.

Businesspartner