ბიზნესი
31/03/2021

"ჯეოხემსმა" ხაშურში ჩირისა და ჩურჩხელას წარმოება დაიწყო – როგორია კომპანიის გეგმები

ჩირისა და ჩურჩხელას მწარმოებელი კომპანია "ჯეოხემსი“ სარეალიზაციო ბაზრის გაფართოებას გეგმავს. საწარმო ხაშურში მდებარეობს და მისი რეალიზაციაც ამ დროისთვის ადგილობრივ ბაზარზე ხდება.

ახლო მომავალში პროდუქცია საკურორტო ზონაში ბორჯომსა და ბაკურიანში გაიყიდება. იგეგმება გამრავალფეროვნებაც.

ბიზნესის იდეა სოფიკო გოგინაშვილს პანდემიის პერიოდში გაუჩნდა. მისი თქმით, კვების სფერო ძალიან მნიშვნელოვანია, რამაც ვიტამინებით მდიდარეი პროდუქციის, ჩირის, ჩურჩხელას წარმოება გადააწყვეტინა.

„ჯეოხემსის“ ჩირი და ჩურჩხელა არის ქართული ხილის ნედლეულზე უშაქროდ და დანამატების გარეშე დამზადებული, ჯანსაღი პროდუქტი. საოჯახო წარმოება გვაქვს, ორი თვეა რაც ეს საქმიანობა დავიწყე. ჩირის დამზადების პროცესი მოიცავს: ხილის გარეცხვა-გასუფთავება, დაწრეტა, დაჭრა, საშრობ ფირფიტებზე მოთავსება, გაშრობის შემდეგ შეფუთვა და მარკირება. ვაწარმოებ სეზონურ ხილს, მათ შორისაა ვაშლი, მსხალი, ფორთოხალი, კივი და მომცრო ჩურჩხელები. განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობს ვაშლის ჩირი, თავისი საოცარი არომატით და გემოთი.  

“ჯეოხემსის” ჩირის ასორტი, ზომების მიხედვით, სამი სახის შეფუთვაშია. რაც შეეხება ფასებს, დიდი შეფუთვა 20 ლარი ღირს, პატარა 10, ასევე არის 50 და 100 გრამიანი პაკეტები, სადაც თითო სახეობის ჩირია მოთავსებული და ფასი 2 ლარიდან იწყება. ძალიან მალე მომხმარებელს რამდენიმე სახეობის კენკრას და სხვადასხვა ხილის ჩირს: შავი ქლიავის ,საზამთროს,ნესვის, ლეღვის და ხურმის ჩირს შევთავაზებთ,“ – აღნიშნავს, სოფიკო გოგინაშვილი.

კომპანიის სამომავლო გეგმაშია საწარმოს გაკეთება, ასორტიმენტის გაფართოება და ევროპის ბაზარზე გასვლა. პროექტი კერძო ინვესტიციით განხორციელდა.

Businesspartner