ბიზნესი
25/01/2023

კახეთში საფლავების დასუფთავების გაციფრულებული სერვისი 1 თვეში ამოქმედდება

კახეთში, 1 თვეში საფლავების დასუფთავების გამარტივებული სერვისი ამოქმედდება. დაახლოებით ერთ  წელიწადში კი სერვისის დანერგვა მთელი ქვეყნის მასშტაბითაა დაგეგმილი.

პროექტის განმახორციელებელია სტარტაპი „სა-და“,რომელმაც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსგან (GITA) 30 000 ლარიანი გრანტი მიიღო.  სტარტაპის დამფუძნებლებიც არიან ოჯახის წევრები და მეგობრები: გიორგი მაისურაძე, ელენე მაისურაძე, გიორგი ადუაშვილი,  მარიამ ოსიაშვილი,  ნათია სააკაშვილი და ფიქრია მაისურაძე.

როგორც მარიამ ოსიაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, უკვე შექმნილია ციფრული ვებ-პლატფორმა ადამიანებისთვის, ვისაც სურს ახლობლების საფლავები მუდმივად მოვლილი ჰქონდეს. ამას კი დროის სიმცირის, ასაკის, სტრესის, მანძილის ან ტრანსპორტის უქონლობის გამო ვერ ახერხებს.

„ჩვენ შევქმენით სერვისი, რომლის ანალოგიც ქვეყანაში არ არსებობს, სულ მალე თქვენ შეძლებთ მიიღოთ მომსახურება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან,“-აცხადებს ოსიაშვილი.

დამფუძნებლების განცხადებით, კომპანია საწყის ეტაპზე კახეთის თითოეულ რაიონში მინიმუმ 15 თანამშრომელს დაასაქმებს. ამ დროისთვის კომპანიაში კადრის შერჩევის ეტაპია.

„უკვე გამოვაცხადეთ  ვაკანსია „საფლავის დამსუფთავებლის" პოზიციაზე. თანამშრომლების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე. მას შემდეგ რაც თანამშრომლები შეირჩევა, კომპანიაც შეკვეთებს მიიღებს”-აცხადებს ოსიაშვილი.

სერვისის ფარგლებში გაიყიდება ერთჯერადი და მრავალჯერადი პაკეტები. მათ შორის, 1 კაციანი საფლავი - 300 ლარი, ყოველთვიური გადახდის შემთხვევაში საფასური 25 ლარია. 4 გარდაცვლილი და ზემოთ -  600 ლარი ყოველთვიური გადახდის შემთხვევაში - 50 ლარი. კომპანია მომხმარებელს ერთჯერადი დასუფთავების სერვისსაც სთავაზობს, რომლის ღირებულება 50 ლარი იქნება.

საფლავის სიღრმისეული დასუფთავების ფასი 100 ლარი იქნება,ყოველი შემდგომი გარდაცვალებული იმავე საფლავზე - 50 ლარი.  

წლიური VIP პაკეტი - 2 კაციანი საფლავი - 600 ლარი, ყოველთვიური გადახდის შემთხვევაში - 50 ლარი. 3 გარდაცვლილი და ზემოთ -  900 ლარი, ყოველთვიური გადახდის შემთხვევაში -  75 ლარი.

„უახლოეს მომავალში, ვგეგმავთ ყვავილების მაღაზიებთან თანამშრომლობასაც. სამომავლოდ კომპანიის მიერ შექმნილი ვებ-გვერდის მეშვეობით ადამიანებს შეეძლებათ ამ სფეროსთან დაკავშირებული ყველა სერვისის მიღება ერთ სივრცეში, ერთი კლიკის მეშვეობით

ადამიანებს, რომლებიც არ იმყოფებიან ან ქვეყანაში, ან ქალაქში, ან უბრალოდ, არიან ძალიან დაკავებულები, შეეძლებათ ძალიან მარტივად გააკეთონ შეკვეთა, რომელსაც ჩვენი მობილური ჯგუფები შეასრულებენ. საბოლოოდ კი, დამკვეთს შესრულებული სამუშაოების ფოტოები გადაეგზავნება,“-აცხადებს  მარიამ ოსიაშვილი.

კითხვაზე, სერვისის მიღება შესაძლებელი იქნება თუ არა როგორც მუნიციპალური, ისე კერძო სასაფლაოების შემთხვევაში, „სა-და“-ს თანადამფუძნებლები განმარტავენ, რომ კერძო სასაფლაოების საკითხი, რომელიც უმეტესწილად თბილისშია, არ განხილულა კომპანიაში, თუმცა, სამომავლოდ არ არის გამორიცხული კერძო სასაფლაოების მესაკუთრეებთან თანამშრომლობაც.

 

Businesspartner