ბიზნესი
18/05/2022

კალმახი თუ შავი ზღვის ორაგული - მარკეტინგული ხრიკები თევზის ბაზარზე

საქართველოში შემოდის როგორც  ხარისხიანი, ისე საეჭვო ხარისხის ორაგული, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ „გურია ფიშ ფარმინგის“ დამფუძნებელმა გიორგი ჩხაიძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, განსაკუთრებით საეჭვოა იმპორტირებული გაყინული ორაგულის ხარისხი.

„გარდა ამისა, ქართულ ბაზარზე კალმახს ყიდიან როგორც შავი ზღვის ორაგულს, რაც არასწორია. ეს არის ტყუილი და მარკეტინგის ნაწილი. ამით მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავთ. როგორც ასეთი, შავი ზღვის ორაგული არ არსებობს, ის არის კალმახი, რომელსაც ზრდიან მარილიან წყალში და ეძახიან შავი ზღვის ორაგულს. ყიდიან შედარებით მაღალ  ფასად, ვიდრე  კალმახს,“ - აცხადებს ჩხაიძე.

შეგახსენებთ, „გურია ფიშ ფარმინგი"  გრიგოლეთში ნორვეგიულ ორაგულს აწარმოებს. პროექტი ითვალისწინებს თევზის თანამედროვე ტექნოლოგიებით წარმოებას წყლის რეზერვუარებში. რეზერვუარები სპეციალური მილის საშუალებით შავი ზღვის წყლით მარაგდება.

როგორც ჩხაიძე აცხადებს,  წარმოების მასშტაბი საშუალებას იძლევა ადგილობრივი წარმოების ნორვეგიული ორაგული მიაწოდოს როგორც ადგილობრივ, ისე ევროპის და აზიის ქვეყნების ბაზრებს, თავად კომპანია კი ორაგულის ქვირითის შესყიდვას ნორვეგიიდან ახორციელებს.

პროექტის ღირებულება 8,5 მლნ ლარია, საიდანაც 5 მლნ ლარი დაფინანსებულია პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში. პროექტი გათვლილია 5 წელზე და კომპანიის მენეჯმენტი ჯამში 200 მლნ ლარის ინვესტირებას გეგმავს. მეურნეობაში 18 ადამიანია დასაქმებული.

Businesspartner

მთავარი სიახლეები