ფოტო: safewise.com
ბიზნესი
27/09/2022

"ქარ სითზე" მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა ძირითადად თბილისის ხარჯზე

ქართულ ბაზარზე „ქარ სითზე“ მოთხოვნა ბოლო 2 წელში მკვეთრად გაიზარდა, თუმცა ზრდა ძირითადად თბილისზე მოდის. რეგიონებში ბავშვის უსაფრთხო მგზავრობის ამ აუცილებელ ატრიბუტზე მოთხოვნა ძალიან დაბალია, რაც შემაშფოთებელია.

„ბიზნესპარტნიორთან“ არასამთავრობო ორგანიზაცია „Your car seat“-ის ხელმძღვანელმა ლანა გიორგიძემ განაცხადა, რომ ორგანიზაცია მოქალაქეებს უწევს უფასო კონსულტაციებს ავტომობილის საბავშვო სავარძლის შეძენის, ხარისხისა და გამოყენების მიმართულებით. სწორედ საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ლანა გიორგაძე ამბობს, რომ პროდუქტზე მოთხოვნა ძირითადად თბილისში გაიზარდა, სხვა რეგიონებში კი მძიმე მდგომარეობაა.

„2 წლის წინ ჩვენ ორგანიზაციას დღეში 2-3 კაცი თუ მომართავდა, ახლა კი ეს რიცხვი 100-მდეა. მშობლები აქტიურად ინტერესდებიან, სად იყიდება პროდუქცია, რომელია სერტიფიცირებული, როგორ უნდა დამონტაჟდეს. შეძენის შემდეგ კი სოციალურ ქსელში გვეკონაქტებიან  და გვაწვდიან ფოტოებს იმის გადასამოწმებლად, რამდენად სწორადაა „ქარ სითი“ დამონტაჟებული. თბილისში ცნობიერება ძალიან ამაღლებულია, აქტიურდება ქუთაისი, თუმცა კვლავ ცუდი მდგომარეობაა ბათუმში, ზუგდიდსა და სხვა ქალაქებში. ზოგადად, რეგიონებში ძალიან ცოტა ადამიანი იყენებს "ქარ სითს". სოციალურ ქსელებში ვხვდებით ფოტოებს, რომლებზეც მშობლები სიამაყით აჩვენებენ საჭესთან მსხდომ ბავშვებს, რაც საფრთხოს შემცველია ბავშვებისთვის,“ - აცხადებს ლანა გიორგიძე და ამბობს, რომ მისი ორგანიზაცია, ისევე როგორც არასამთავრობო სექტორის სხვა წარმომადგენლები, აქტიურად მუშაობენ მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებაზე. ხელისუფლება კი, მისი შეფასებით, ამ თემისადმი დაინტერესებას არ იჩენს.

რაც შეეხება „ქარ სითის“ გამოყენების ვალდებულების ამოქმედებას, რაზეც წლებია საუბარი მიმდინარეობს, გიორგიძე ამბობს, რომ ამ ვალდებულების დაკანონებამდე აუცილებელია სახელმწიფომ საგანმანათლებლო კამპანია აწარმოოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ ვითარებას, როდესაც კანონი ფურცელზე არსებობს, თუმცა მისი აღსრულება არ ხდება.

„კანონის ეფექტიანი მუშაობისთვის აუცილებელია პატრულის გადამზადება, ასევე მაკონტროლებელი ორგანოს არსებობა, რომელიც შეამოწმებს, რამდენად სერტიფიცირებული პროდუქციაა ბაზარზე. გარდა ამისა, მოქალაქეებმა კარგად უნდა იცოდნენ „ქარ სითის“ მოხმარება, წინააღმდეგ შემთხვევაში საბავშვო სავარძლის ქონასა და არქონას შორის განსხვავება არ იქნება,“- აღნიშნა ლანა გიორგიძემ.

მისივე განცხადებით, „ქარ სითის“ ტარების ვალდებულების შემოღებას მთავრობა არ ჩქარობს, რადგან ეს მოსახლეობის მხრიდან დანახარჯებს უკავშირდება და არაპოპულარული გადაწყვეტილება იქნებოდა. თუმცა გიორგიძე ამბობს იმასაც, რომ შესაძლოა, საბავშვო სავარძლებზე ხელმისაწდვომობის გაზრდის მიზნით მისი შემომტანი კომპანიები გარკვეული გადასახადებისგან განთავისუფლდნენ, რაც ამ პროდუქციის ფასს შეამცირებს. ამასთან, გიორგიძე ამბობს, რომ მაღაზიები ახლაც სთავაზობენ მომხმარებლებს ფასდაკლების აქციებსა და განვადებას, რაც ამ პროდუქტის შეძენას ავტომფლობელებისთვის სავსებით ხელმისაწვდომს  ხდის. მთავარი, მისი აზრით, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა იმ კუთხით, რომ სპეციალურის სავარძლები ავტოავარიის შემთხვევაში ბავშვის სიცოცხლეს ძალიან მაღალი პროცენტით იცავს.

დღევანდელი რეგულაციით სამ წლამდე ასაკის ბავშვისთვის სავალდებულო სამგზავრო სავარძლით მგზავრობა სავალდებულოა, თუმცა ზრდასრულს შეუძლია უკანა სავარძელზე ჩაისვას ბავშვი კალთაში და თვითონ იყოს დაბმული ღვედით. 12 წლამდე ბავშვის წინა სავარძელზე დასმა კი აკრძალულია.

 

Businesspartner